საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია "გირჩიდან", იაგო ხვიაჩია ამბობს, რომ არ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას. მან 20 თებერვლის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე ისაუბრა.
"რაც ახლა ხდება "ენჯეოშნიკებთან" და მედიასთან მიმართებაში, ეს უკვე მოხდა პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. ჩვენი ფინანსები ზუსტად ისე კონტროლდება და იმ არგუმენტაციით ხდება პოლიტიკის გაკონტროლება, როგორც ახლა "ენჯეოშნიკების" შემთხვევაში. ზოგადად, იმ "ენჯეოშნიკებს" და მედიასაშუალებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსების ისე შეზღუდვას, როგორც თავის თავზე არ მოსწონთ, ეგენი ღირსებიც კი არიან და ამას იმსახურებენ - როცა პოლიტიკოსებს უზღუდავდნენ, მაშინ პირიქით ითხოვდნენ ახალ-ახალ შეზღუდვებს", - თქვა იაგო ხვიჩიამ.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად დღეს, 20 თებერვალს დარეგისტრირდა.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".
"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.