Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა ბჟანიას: როგორც იქნა, ჩამოხვედი მინსკამდე


ასლან ბჟანია და ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მინსკი, 2023 წლის 21 თებერვალი
ასლან ბჟანია და ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მინსკი, 2023 წლის 21 თებერვალი

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ „შესანიშნავი ქვეყანა“ უწოდა საქართველოს რეგიონს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს.

ლუკაშენკამ დღეს მინსკში მიიღო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. ბელარუსის ავტორიტარი მმართველის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ეგებება თავის კაბინეტში ლუკაშენკა ბჟანიას, სიტყვებით: “როგორც იქნა, ჩამოხვედი მინსკამდე”.

ლუკაშენკა ბჟანიას მიმართავს, რომ ერთმანეთთან სალაპარაკო აქვთ: „თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის დაინტერესებული ვიყავით რესპუბლიკასთან(რედ. აფხაზეთთან) თანამშრომლობით. მე ეს ვთქვი, როცა თქვენ შესანიშნავ ქვეყანაში ვიმყოფებოდი“.

ლუკაშენკას განცხადებით, "რატომღაც, ქართველები, საქართველოს ხელმძღვანელობა მწვავედ რეაგირებენ" ბჟანიასთან მის შეხვედრებზე.

„ნუთუ, ადამიანებს შორის, ხალხებს შორის არ შეიძლება იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობები... იქნებ, ამ ურთიერთობებმა ხელი შეუწყოს მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. ჩვენ ხომ თქვენთან ერთად არასდროს დაგვიგეგმავს არანაირი აქცია თბილისის წინააღმდეგ", - უთხრა ლუკაშენკამ ბჟანიას.

ამ კონტექსტში ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ახსენა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია, რომელიც "წესიერად არ გამოიყურება". ლუკაშენკას თქმით, არც სიტუაციაში ჩარეულან, არც შეფასებები გაუკეთებიათ და თბილისთან ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობებს, "რამდენადაც ეს შესაძლებელია“.

ბელარუსის ავტორიტარ მმართველს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ოფიციალურად დღემდე არ უღიარებია მოსკოვის მიერ, 2008 წლის აგვისტოში "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოცხადებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი".

2022 წლის სექტემბერში, ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG