Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ვეტო დაადო „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საქარველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. „არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!" - ვკითხულობთ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ პრეზიდენტის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში განმარტებულია, რით არის განპირობებული მისი ნაბიჯი.

რა ხდება დღეს?

მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად.

ამ პროცესის პარალელურად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები - ამატებს ერთ თანამდებობას, პირველი ვიცე-პრეზიდენტის სახით, რომელიც გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ სანამ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს სებ-ის ახალ ხელმძღვანელს.

რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა?

მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს.

მაშასადამე, ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა?

ასევე, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე- პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა.

ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედს იტოვებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და მის მიერ შეთავაზებული მოტივირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები.

ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, თანაბარი უფლებებით. გვენეტაძის წასვლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაციებით, სამი მათგანიდან ერთ-ერთი გახდებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

კანონპროექტმა კი შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ავტორებმა ამ ცვლილების აუცილებლობა იმით დაასაბუთეს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის შემთხვევაში, უშუალოდ კანონში არ წერია, თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს მის მოვალეობას. თუმცა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა საჯარო განხილვებზე სხვა მიზეზიც დაასახელა:

„ეს კეთდება იმიტომ, რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი გაუგებრობა, საბოტაჟის მცდელობა და ქაოსი ამ ინსტიტუციაში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა ირაკლი ზარქუამ, პლენარულ სესიაზე 8 თებერვალს. „დარწმუნებული ვარ, რომ [ეროვნულ ბანკს] ეყოლება ახალი პრეზიდენტი, მაგრამ რომ გამოვრიცხოთ თეორიული დაშვებები, ამიტომ კეთდება ეს“, - დააზუსტა მან.

XS
SM
MD
LG