Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინამ გაუძლო და არ დამარცხდა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. როგორც ზელენსკიმ თქვა, გასული ერთი წელი ტკივილთან ერთად იყო არაგულგრილობის, სიმამაცის, ურყეობის, ერთიანობის და იმედის წელიც.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა უძლებს ყველა მუქარას, დაცხრილვებს, კასეტურ ბომბებს, ფრთოსან რაკეტებს, კამიკაძე დრონებს, უშუქობას და სიცივეს და ამ ყველაფერზე უფრო ძლიერია.

ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, გასული ერთი წლის შედეგია, რომ უკრაინამ გაუძლო და არ დამარცხდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ყველაფერს გააკეთებენ, რომ წელს გამარჯვება მოიპოვონ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მტერს წინააღმდეგობას უწევს და ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება აგრესორთან ბრძოლაში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არასდროს დაივიწყებენ დაღუპულებს, რუსეთს მათ სიკვდილს არ აპატიებენ და არ დამშვიდდებიან, სანამ მკვლელები საკადრისად არ დაისჯებიან:

„ცხრა წლის წინ მეზობელი იქცა აგრესორად. ერთი წლის წინ აგრესორი იქცა ჯალათად, მაროდიორად და ტერორისტად. ეჭვი არ გვეპარება, რომ პასუხს აგებენ. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ჩვენ გამარჯვება გველოდება“.

დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.
XS
SM
MD
LG