Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ" - ხელისუფლების წარმომადგენლები იუნკერთა მემორიალთან მივიდნენ


ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი იუნკრების მემორიალთან
ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი იუნკრების მემორიალთან

„1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება“, - წერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქვეყნებს.

პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან მივიდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ტერიტორია ჟურნალისტებთან საუბრის გარეშე დატოვა. მას ადგილზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

„25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს. დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ“, - წერია ტექსტში, რომელიც ფეისბუკზე ირაკლი ღარიბაშვილის სახელით გამოქვეყნდა.

„ჩვენი თაობის ვალია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ვიმოქმედოთ ისე, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი“, - უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი შეფასებით, ამჟამად „მსოფლიო არის თავად გაურკვევლობაში უსაფრთხოების მხრივ“, და უკრაინაში რუსეთის ომის გამოწვევების ფონზე, „ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა საზოგადოებამ უზრუნველჰყო, რომ მაქსიმალურად არ გაგვეზარდა ის რისკები, რომლებიც ისედაც არსებობს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების მხრივ და უზრუნველეყო ის, რომ საქართველო ამ მძიმე გეოპოლიტიკური ბრძოლების პერიოდში გამოვიდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა, ერთიანობა, დამოუკიდებლობა და, რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში“.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა, რომლებიც იუნკერების ძველ უნიფორმებში იყვნენ გამოწყობილი, ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი.

"კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი უახლესი ისტორიის ტრაგიკულ და ამავდროულად ჩვენს საამაყო ფურცელს. ჩვენი ახალგაზრდები, 102 წლის წინ, ამ დღეს, აბსოლუტურად არაპროპორციულ ბრძოლაში დაუპირისპირდნენ ოკუპანტს და ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა. მათ შორის სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩემი წინაპარიც გამორჩეული გმირია - მაკარ ბურჭულაძე... პირადად ვამაყობ თითოეული ჩვენი გმირით და ამ ბავშვებით, რომლებიც ქმნიან ჩვენს მომავალს", - უთხრა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.

1921 წლის 25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის წითელმა არმიამ, თითქმის ორკვირიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, თბილისი აიღო, დაამხო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ, 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG