Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ფიქრობს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს- უილიამ ბერნსი


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი

ამერიკულ სადაზვერვო საზოგადოებას აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. თუმცა პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა, CBS News-თან ინტერვიუში.

მანამდე წამყვანი დასავლური მედია იუწყებოდა იმის შესახებ, რომ ჩინეთი ახლოსაა რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, რაზეც გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააფრთხილა ჩინეთი შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

როგორც CBS News აღნიშნავს, ცოტა ხნის წინ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ და პირადად უილიამ ბერნსმა სხვაგვარი შეფასება გააკეთეს: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა თებერვლის დასაწყისში თქვა, რომ ჩინეთი ძალიან გულგრილად ეკიდება რუსეთისთვის იარაღის მიწოდების იდეასო.

ბერნსის თქმით, ამ დროისთვის შეერთებულ შტატებს არ აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთი უკვე ამარაგებს რუსეთს იარაღით. CIA-ს დირექტორის თქმით, ის ფაქტი, რომ ამერიკის ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ წამოაყენა ეს თემა, მიზნად ისახავს ჩინეთის დარწმუნებას, უარი თქვას ასეთ მიწოდებაზე, რაზეც ფსონის გაკეთება, ბერნსის თანახმად, „სარისკო და არაშორსმჭვრეტელური იქნებოდა."

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია „უკრაინის კრიზისის“ პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ. თუ პირველივე პუნქტი შესაძლოა, აღქმული იყოს უკრაინის მხარდაჭერად, მეორე პუნქტი რუსეთის ინტერესებს ეხმიანება.


პეკინის პოზიციის პირველი პუნქტია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა. მასში ნათქვამია, რომ დაცული უნდა იყოს საყოველთაოდ აღარებული საერთაშორისო სამართალი, გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები და ქვეყნების სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.

მეორე პუნქტი ეხება „ცივი ომის მენტალიტეტზე უარს“. ამ პუნქტის თანახმად, ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ უნდა იყოს სხვების ხარჯზე, რეგიონის უსაფრთხოება მიღწეული არ უნდა იყოს სამხედრო ბლოკების განმტკიცების, ან გაფართოების გზით და ყველა ქვეყნის უსაფრთხოების კანონიერი ინტერესები და შეშფოთება სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG