Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია "უკრაინის კრიზისის" დასაძლევად


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია „უკრაინის კრიზისის“ პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ. თუ პირველივე პუნქტი შესაძლოა, აღქმული იყოს უკრაინის მხარდაჭერად, მეორე პუნქტი რუსეთის ინტერესებს ეხმიანება.

პეკინის პოზიციის პირველი პუნქტია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა. მასში ნათქვამია, რომ დაცული უნდა იყოს საყოველთაოდ აღარებული საერთაშორისო სამართალი, გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები და ქვეყნების სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.

მეორე პუნქტი ეხება „ცივი ომის მენტალიტეტზე უარს“. ამ პუნქტის თანახმად, ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ უნდა იყოს სხვების ხარჯზე, რეგიონის უსაფრთხოება მიღწეული არ უნდა იყოს სამხედრო ბლოკების განმტკიცების, ან გაფართოების გზით და ყველა ქვეყნის უსაფრთხოების კანონიერი ინტერესები და შეშფოთება სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული.

მესამე და მეოთხე პუნქტები ეხება საომარი მოქმედებების შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას. ჩინეთის პოზიციაა, რომ ყველა მხარემ უნდა შეინარჩუნოს რაციონალიზმი, თავშეკავება გამოიჩინოს და არ დაუშვას კრიზისის შემდგომი გამწვავება და კონტროლიდან გასვლა, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობა კონფლიქტის მხარეებს უნდა დაეხმაროს მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად განახლებაში.

მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტები ეხება ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, სამოქალაქო პირების და სამხედრო ტყვეების დაცვას და ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მერვე პუნქტში საუბარია სტრატეგიული რისკების შემცირებასა და ბირთვული კრიზისის თავიდან აცილების აუცილებლობაზე და ნათქვამია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული. მეცხრე პუნქტი ეხება უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის ხელშეწყობას.

ჩინეთის პოზიციის მეათე პუნქტია, რომ „ცალმხრივი სანქციები“ უნდა შეწყდეს, რადგან ეს მხოლოდ ახალ პრობლემებს ქმნის. პეკინი „ცალმხრივად“ მიიჩნევს სანქციებს, რომლებიც არ არის დამტკიცებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. შესაბამისად, ჩინეთისთვის ცალმხრივია დასავლეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.

ბოლო ორი - მეთერთმეტე და მეთორმეტე პუნქტები ეხება მრეწველობის სტაბილურობის და პოსტკონფლიქტური აღდგენის ხელშეწყობას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ პირველად რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ პეკინი კონფლიქტის მოგვარების გეგმას გამოაქვეყნებს. ჩინეთის ხელისუფლებას, რომელიც კრემლის მოკავშირედ ითვლება, უკრაინაში რუსეთის შეჭრა პირდაპირ არ დაუგმია და ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG