Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ გვგონია, ამერიკელები ვერ გრძნობდნენ სიტუაციას, რომ ომში ჩართვის იმედი ჰქონდეთ - "ხალხის ძალა"


საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები "ხალხის ძალიდან"
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები "ხალხის ძალიდან"

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ის ნაწილი, რომელიც "ხალხის ძალაშია" გაერთიანებული, აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე "პატრონების" "ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს". განცხადებაში, რომელიც 27 თებერვალს გავრცელდა, აღნიშნულია, რომ ამ კითხვებს "ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ".

მოძრაობა ორ საკითხს გამოყოფს: ამერიკის სურვილს, საქართველომ "ახალი ომი დაიწყოს" და "2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებას".

"ერთი ვერსიით, ამერიკელებს სააკაშვილის გარეთ გაშვება ახალი ომის დასაწყებად შეიძლება უნდოდეთ. თუმცა, ფაქტია, რომ სააკაშვილი იმიჯურად დღეს კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული, ვიდრე, თუნდაც, ციხეში შესვლამდე იყო. აქედან გამომდინარე, არ გვგონია, ამერიკელები იმ დონეზე ვერ გრძნობდნენ სიტუაციას, რომ სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლების გადატრიალების და ქვეყნის ომში ჩართვის იმედი ჰქონდეთ.

აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის განთავისუფლების მიზანი 2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებაა. როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონებს ან შანტაჟის ეშინიათ ან ისინი აგვისტოს ომის გამო სააკაშვილისგან სერიოზულად არიან დავალებული. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ცდილობენ ისინი ასეთი გამალებით სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას", - წერია განცხადებაში.

მოძრაობა აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, "გათავისუფლების პოლიტიკური კამპანია მის უცხოელ პატრონებს ფართოდ აქვთ გაშლილი" და თუკი ეს "კამპანია" გაგრძელდება, "მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?"

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებს "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

მას შემდეგ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით ამ მოძრაობის სახელით გავრცელებულ განცხადებებში არაერთხელ იყო მინიშნება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორზე - აშშ-ზე.

ამ განცხადებებს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", დეპუტატები არასდროს გამიჯვნიან. პირიქით, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გააკრიტიკა.

XS
SM
MD
LG