Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: თუ ვენეციის კომისია თეთრზე დაწერს შავს, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

პარტია "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა არაარგუმენტირებული იყოს. პარლამენტში ამ საკითხზე კომენტარში მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ შემთხვევაში "შესაბამის გადაწყვეტილებას" მიიღებენ.

"ვენეციის კომისია რაღაცას დაწერს. ეს იქნება ან არგუმენტირებული ან ჰაერიდან მოტანილი. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ.

თუ თეთრი შავზე დაიწერა, ხო, მოხდა ეგეთი საოცრება, თეთრი შავზე დაიწერა ევროპარლამენტის 500 ევროპარლამენტარის მონაწილეობით. ასეთი აბსურდული შემთხვევა თუ იქნა... არ მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ თეთრი შავზე იურიდიული სახით დაიწეროს. ამას ხომ მთელი მსოფლიო ნახავს.

მაქვს მოლოდინი, რომ დაიწერება არგუმენტები, რომელი არგუმენტებიც რიგ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება. მაგრამ თუ თეთრზე დაიწერება შავი, ამასაც ვიტყვით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ", - ამბობს მდინარაძე.

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად მიიღებენ კოლეგების, "ხალხის ძალის", მიერ შემუშავებული ორი კანონპროექტიდან ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") ერთ-ერთს მას შემდეგ, რაც გაეცნობიან ვენეციის კომისიის დასკვნას.

"ჩვენ ან ერთ, ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ... ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო, არის სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულება, აქედან გამომდინარე, ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მივიღოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

აშშ ღრმა შეშფოთების საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და უარყოფს, რომ ის ამერიკული კანონის მსგავსია. ამის შესახებ 15 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG