Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებას


რუსეთის საკონტინენტთაშორისო რაკეტა Sarmat-ის გამოცდა. 2018 წ.
რუსეთის საკონტინენტთაშორისო რაკეტა Sarmat-ის გამოცდა. 2018 წ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს ხელი მოაწერა კანონს აშშ-სთან სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებაში (ახალი START-ი) რუსეთის მონაწილეობის შეჩერების თაობაზე.

კანონის თანახმად, ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს მეთაურს შეეძლება. კანონი ძალაში შედის მისი ოფიციალურად გამოქვეყნების დღეს.

ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება პუტინმა გასულ კვირაში გამოაცხადა ფედერალური კრებისადმი მიმართვაში. მეორე დღესვე, 22 თებერვალს, კანონპროექტი ერთხმად მიიღეს სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ.

საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებისას ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ „დასავლეთის ელიტები არ მალავენ, რომ მათი მიზანია რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება, მისთვის ბოლოს მოღება ერთხელ და სამუდამოდ“. „მათ ჩვენი თავდაცვითი ობიექტების შემოწმებაც სურთ. დღევანდელი ურთიერთდაპირისპირების თანამედროვე პირობებში ეს უბრალოდ რაღაც ბოდვასავით ჟღერს“, - აღნიშნა პუტინმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი START-იდან რუსეთის გასვლას „დიდი შეცდომა“ უწოდა. იმ მომენტში ბაიდენი პოლონეთში იმყოფებოდა. მან კომენტარი გააკეთა ვარშავაში, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პუტინის ნაბიჯს „გულდასაწყვეტი უპასუხისმგებლობა“ უწოდა. ბლინკენის სიტყვებით, აშშ თვალს მიადევნებს რუსეთის რეალურ მოქმედებებს ამ სფეროში და ყოველთვის მზად იქნება, დაუბრუნდეს შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე მოლაპარაკებებს.

აშშ-რუსეთის ხელშეკრულება, რომელიც პუტინმა შეჩერებულად გამოაცხადა, 2010 წელს გაფორმდა და 2011 წელს შევიდა ძალაში.

ამ დოკუმენტის საფუძველზე შემცირდა ორივე ქვეყნის არსენალში არსებული ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები და განისაზღვრა ურთიერთკონტროლის მექანიზმები.

2021 წელს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წლით გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG