Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატი ბრეგაძის თქმით, ელჩებმა მასთან შეხვედრაზე „გააჟღერეს დემარში"


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ 27 თებერვალს შეხვედრაზე ელჩებმა მას გადასცეს ოფიციალური დემარში.

„გუშინდელ შეხვედრას რაც შეეხება, ეს იყო შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, ასევე შვედეთის ელჩთან, რომლებმაც გააჟღერეს დემარში; კერძოდ, ეს იყო მომართვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით, რაც უკავშირდებოდა შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ გავაცანით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის, მკურნალობის მიზნით. ეს იყო შეხვედრის ძირითადი პათოსი. იყო, რა თქმა უნდა, საუბარი სხვა საკითხებზეც, თუმცა ამის შესახებ არ ვისაუბრებ შეგნებულად, რადგან ასეთია შეთანხმება ელჩებთან, რომ დეტალურ შინაარსობრივ საკითხებზე ჩვენ არ ვისაუბრებთ. ამის შესახებ გააკეთა განცხადება ევროკავშირის ელჩმა და მან ისიც აღნიშნა, რომ ჩვენ გვქონდა საკმაოდ ვრცელი და გულწრფელი საუბარი ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო არსებულ სიტუაციას“, - თქვა ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან, გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იყო სამკურნალოდ სააკაშვილის მისაღებად. მედიის ცნობით, პოლონეთის წინადადებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, გარდა უნგრეთისა, თუმცა ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლაში დაერწმუნებინათ.

15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.

ევროპარლამენტარები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე.

  • 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
  • ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის, ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
  • 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
  • სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG