Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ივანიშვილმა „რესპუბლიკელებს" გვითხრა, იძულებული გავხდი, შემეთვალა პუტინისთვის ბოდიშიო" - სამნიძე


ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე
ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე

პარლამენტის წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „TV პირველის" ეთერში გაიხსენა, როგორც თავად ამბობს, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები. სამნიძის თქმით, მისი იმდროინდელი თანაპარტიელების განცხადებების გამო, ივანიშვილმა „რესპუბლიკელების" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს, უთხრა, რომ იძულებული გახდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ბოდიში მოეხადა.

„ეს არ მითქვამს აქამდე ეთერში. მაგალითად, 2014 წელს ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ მაშინ „რესპუბლიკელები“, თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი. ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, დაიცვეს უკრაინის ყირიმი, დონბასი და მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვითხრა, რესპუბლიკელებს“, ერთ-ერთ ლიდერს „რესპუბლიკური პარტიის“, რომ ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, რომ იძულებული გავხდი, შემეთვალა პუტინისთვის ბოდიშიო. დავით ბერძენიშვილს უთხრა... მე უფლება ავიღე, რომ ეს მეთქვა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დეპუტატმა დაამატა, რომ იმ დროს მისი პარტია იყო ერთ-ერთი, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების" რიგებში ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კურირებდა. „ეს მიმართულება, უსაფრთხოება და დასავლური ინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიგვყავდა კოალიციაში „რესპუბლიკელებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. ძალიან დიდ ხანს ვცდილობდით, რომ ამ მიმართულებით არ შეჰქმნოდა პრობლემები ქვეყანას, მაშინ, როდესაც ვხედავდით მცირე მცდელობებს", - აღნიშნა სამნიძემ.

შეკითხვაზე, აქამდე რატომ არ თქვეს [„რესპუბლიკელებმა"], სამნიძემ კითხვითვე უპასუხა: „რამე ახალი ვთქვი და არ იცოდა ვინმემ?" ამასთან, პარლამენტის წევრმა დაამატა: „დასავლურ კურსს, რომ არ შეჰქმნოდა პრობლემა, ვაგრძელებდით კოალიციაში ყოფნას... კონკრეტულად ეს რატომ არ თქვა დავით ბერძენიშვილმა, ამაზე დეტალურად თავად ილაპარაკებს".

ხათუნა სამნიძის განცხადებას ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა დავით ბერძენიშვილი. მან დაადასტურა თანაპარტიელის სიტყვები.

„ახლა ინგა გრიგოლიას ეთერში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გაიხსენა, 2014 წლის მაისში რომ მითხრა ბიძინა ივანიშვილმა, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე ანტირუსული გამოსვლების გამო პუტინს ბოდიში შევუთვალეო. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ინფორმაციამ. აქამდე რატომ არ ამბობდითო, იკითხა ინგამ.

რამდენიმე წლის წინ ემა ტუხიაშვილთან გავიხსენე ეს საუბარი პალიტრის ეთერში. სხვა ამბებიც გამიხსენებია საჯაროდ - მაგალითად, აფხაზეთი გავცვალოთ ნატოში, ესეც შემოგვთავაზა ბიძინამ. არ იცვლება თქო, მკაფიოდ ვუპასუხეთ. აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმს დავპირდეთ საჯაროდ აფხაზებსო - ესეც დავუბლოკეთ რესპუბლიკელებმა. ამაზეც მილაპარაკია საჯაროდ", - დაწერა დავით ბერძენიშვილმა.

2016 წლის 31 მარტს განაცხადა „ქართულმა ოცნებამ", რომ საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის" გარეშე, ცალკე მიიღებდა მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG