Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (ფოტოზე მარცხნივ) და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (ფოტოზე მარცხნივ) და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო

ფინეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტს კენჭისყრაზე დარბაზში მყოფმა 184 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შვიდი - წინააღმდეგი იყო. ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

2022 წლის 29 ივნისს ნატოს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ოფიციალურად მიეწვიათ ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და უსაფრთხოების მიზნით ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ნატოში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება დასავლეთის თავდაცვის ალიანსის 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. შესაბამისი გადაწყვეტილება 28-მა ქვეყანამ უკვე მიიღო.

ნატოს წევრი ქვეყნის, უნგრეთის პარლამენტმა ეს საკითხი 6 მარტს უნდა განიხილოს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ჯგუფებს შორის დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო მანამდე, სანამ ისინი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციას მოახდენენ.

თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატოში გასაწევრიანებლად, მაგრამ მხარს არ უჭერს შვედეთის კანდიდატურას, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 1 თებერვალს.

„შვედეთი თავს ნუ შეიწუხებს და ნუ ეცდება ამ ეტაპზე. ჩვენ არ დავთანხმდებით ნატოში მის გაწევრიანებას მანამდე, სანამ ისინი ყურანის დაწვის უფლებას იძლევიან“, - თქვა ერდოანმა თავისი პარტიის, AK-ს წევრი პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ადრე არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, როდესაც შვედეთსა და ფინეთს მოუწევთ ნატოში გაწევრიანება არა ერთად, არამედ - ცალ-ცალკე.

XS
SM
MD
LG