Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში 111-ე შეხვედრა გაიმართება


სოფელი ერგნეთი
სოფელი ერგნეთი

2 მარტს ოკუპირებულ ცხინვალთან მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საქართველოს, რუსეთის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები ერგნეთში გაშლილ კარავში 2008 წლის ომის შემდეგ 111-ედ შეიკრიბებიან და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა ადგილობრივ ჟურნალისტებს იმ საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც ოსური მხარე ერგნეთის შეხვედრაზე დააყენებს. კოჩიევის თქმით, დღის წესრიგი უცვლელი დარჩება - მთავარი საკითხი, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე წელია აყენებენ, არის 2019 წლის აგვისტოს ბოლოს წნელისი-ჩორჩანის მონაკვეთზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს აღება.

„სამხრეთ ოსეთი საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ საგუშაგოს მოხსნაში ხედავს. ასევე შეხვედრაზე განიხილება უსაფრთხოების და სახელმწიფო საზღვრის დარღვევის საკითხების, ასევე რეგიონში არსებული ზოგადი მდგომარეობის მიმოხილვა“, - აღნიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით შექმნილი „ცხელი ხაზი“ აქტიურად მუშაობს და რაიმე ინციდენტის შემთხვევაში მხარეების წარმომადგენლები კოლეგებს უკავშირდებიან.

რაც შეეხება ქართული მხარის დღის წესრიგს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გააპროტესტებენ უკანონო „ბორდერიზაციის" და საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს. ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება, მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე.

შეხვედრამდე ორი დღით ადრე ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი გაათავისუფლეს, რომელიც სასჯელს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით იხდიდა. ოსური მხარის ცნობით, ხეთერელმა სასჯელი სრულად მოიხადა და ამის შემდეგ გათავისუფლდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ამტკიცებს, რომ ხეთერელი საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შედეგად გამოვიდა ცხინვალის ციხიდან.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის, ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG