Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ტერაქტი უწოდა ბრიანსკის ოლქში დივერსიაზე ცნობებს


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, უკვე მას შემდეგ, რაც ბრიანსკის ოლქში განხორციელებული დივერსიული რეიდისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ე.წ. რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა, მომხდარს ტერაქტი უწოდა. მისი სიტყვებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, „სურთ წაგვართვან ისტორიული მეხსიერება, ისტორია, ტრადიცია, ენა“. ვიდეოზე რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლები რუსულად ლაპარაკობენ და პოზიციონირებენ, როგორც რუსი ნაციონალისტები. პუტინმა ახსენა ავტომობილისთვის ცეცხლის გახსნა.

„ნახეს, რომ ეს სამოქალაქო მანქანა იყო, რომ მასში სამოქალაქო პირები და ბავშვები ისხდნენ, ცეცხლი გახსნეს... არაფერი გამოუვათ, ჩვენ მათ ბოლოს მოვუღებთ“, - მოჰყავს ინტერფაქსს პუტინის სიტყვები.

რუსეთის მედიას 2 მარტს მოჰყავს ფსბ-ს წარმომდგენელთა გაცხადებები, რომ ჯგუფმა, რომელსაც კრემლი „უკრაინელ ტერორისტებს“ უწოდებს, რუსეთის ბრიანსკის ოლქში შეაღწია, თავს დაესხა რამდენიმე სოფელს და მძევლები აიყვანა.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა, რომ დივერსიული რეიდის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა.

ბოგომაზის თანახმად, საზღვრისპირა სოფელ ლიუბეჩანიში გარდაიცვალა დაჭრილი მამაკაცი.

მანამდე რუსეთის ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ დაიღუპა ადგილობრივი მოსახლე, რომლის მანქანასაც გაუხსნეს ცეცხლი დივერსანტებმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, განაცხადა, რომ რუსეთი თვითონ აწყობს პროვოკაციას, რათა გაამართლოს უკრაინაში მიმდინარე ომი.

„რუსეთის ფედერაციაში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შესახებ ცნობა კლასიკური გამიზნული პროვოკაციაა“, - დაწერა მან ტვიტერში.

„რუსეთს სურს, საკუთარი ხალხი დააშინოს, რათა გაამართლოს ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა და მზარდი სიღატაკე ომის ერთი წლის შემდეგ. პარტიზანული მოძრაობა რუსეთში ძლიერდება და უფრო აგრესიული ხდება“, - დასძინა მან.

XS
SM
MD
LG