Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტისაომარი ნახატის გამო რუსეთში მოსწავლე თავშესაფრში განათავსეს - მამას მშობლობის უფლებას ართმევენ


რუსეთში, ტულის ოლქში მეექვსე კლასელი მოსწავლე თავშესაფარში გადაიყვანეს და მისი დატოვების უფლებას არ აძლევენ სკოლაში, ხატვის გაკვეთილზე ანტისაომარი ნახატის გამო - ადგილობრივი სასამართლო მამისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევაზეც მსჯელობს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსულენოვანი გამოცემა "Настоящее Время" ავრცელებს ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

მაშა მოსკალევა სოციალურ-სარეაბილიტაციო ცენტრში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მან სკოლაში რუსული არმიის მხარდამჭერი ნახატის ნაცვლად უკრაინის დროშის ფონზე დახატა ქალი ბავშვით, რომელიც რუსულ რაკეტებს აჩერებდა მაღლა აღმართული ხელით. მოსწავლის ნახატი რუსული არმიის დისკრედიტაციად იქნა მიჩნეული. სკოლის დირექტორმა პოლიცია გამოიძახა და მეორე დღეს მოსწავლე სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. insider-ის ცნობით გოგონა მამასთან ერთად იზრდება და ახლა ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს მაშას დედის პოვნასაც, რათა მასაც შეუზღუდოს მშობლის უფლება.

არასრულწლოვანთა საკითხების კომისიის ხელმძღვანელი, სვეტლანა დავიდოვა რუსულ გამოცემა "РИА Новости"-ს ეუბნება, რომ მაშას ოჯახი გასული წლის მაისიდან არის "სოციალურად საშიში ოჯახების პრევენციულ რეესტრში" რეგისტირებული. გოგონას მამამ სოციალურ ქსელებში რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო პოსტები ჯერ კიდევ 2014 წელს გამოაქვეყნა, როდესაც რუსეთმა ყირიმში ომი დაიწყო.

რუსული არმიის დისკრედიტაციის განმეორებით მცდელობის ბრალდებით მაშას მამა 1 მარტს გამთენიისას დააკავეს, როცა ის სამსახურში უნდა წასულიყო, სახლიდან წაიღეს ლეპტოპი და ფული, რაც ოჯახს ჰქონდათ - უყვება Insider-ს მოხალისე ელენა აგაფონოვა.

"პოლიციის თანამშრომლები დერეფანში იყვნენ, გოგონა სახლში მარტო იყო, მამა წაიყვანეს და მაშას უთხრეს, გაემზადე, ცენტრში უნდა გადაგიყვანოთ. ბავშვი შეშინებული იყო, ტიროდა, ამბობდა, ბავშვი ამბობდა, მამა წაიყვანეს, მოდი, სახლში მარტო ვარ - სამწუხაროდ მე არ მომეცა მისი ნახვის შესაძლებლობა" - ამბობს ელენა აგაფონოვა.

XS
SM
MD
LG