Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ 2 პირს და 3 კომპანიას წარუდგინა


ვაკის პარკის შადრევანი მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის შემდეგ - მოქალაქეებს ტრაგედიის ადგილას ყვავილები რამდენიმე დღის განმავლობაში მიქონდათ
ვაკის პარკის შადრევანი მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის შემდეგ - მოქალაქეებს ტრაგედიის ადგილას ყვავილები რამდენიმე დღის განმავლობაში მიქონდათ

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვილი მარიტა მეფარიშვილის საქმეზე, პროკურატურამ ბრალი წაუყენა კიდევ ორ ადამიანს, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს და კომპანია ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს, ასევე ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ სამ იურიდიულ პირს.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა სამსახურებრივი გულგრილობისთვის, მერიის კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტს კი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გამო.

ბრალდებული კომპანიები კი არიან “გრინსერვის +”, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“ და ,,მშენექსპერტი“.

პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ცხადი ხდება, რომ საქმეში გამოჩნდა საიჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის პასუხები, რომელიც ერთ-ერთი მტკიცებულებაა ახალი ბრალდებულების წინააღმდეგ.

"ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა იყო უხარისხო, ვინაიდან მასში არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. ტუმბოების მოწყობის ინსტრუქციაში არ იყო მითითებული, რომ ტუმბოები უნდა დამონტაჟებულიყო დამცავი გათიშვის მოწყობილობის გამოყენებით, ასევე პროექტში არ იყო ასახული ელექტრო ტუმბოს დახურვის მეთოდი ისე, რომ ელექტრო ტუმბო ყოფილიყო მიუწვდომელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, მასში ტუმბოები განთავსებული იყო შადრევნის აუზის გარეთ, ხოლო კორექტირებულ პროექტში ტუმბოები შეტანილია შადრევნის აუზში.

ექსპერტიზამ ასევე დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში,უშუალოდ ძრავების მკვებავი კაბელიდან ელექტრო დენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა.

ექსპერტიზებით ასევე დადასტურდა, რომ ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში მოწყობილი იყო 220 ვოლტ ძაბვაზე მომუშავე მართვის აპარატურა, საკაბელო ხაზები არ იყო მოწყობილი შესაბამისი დაცვის მქონე მილებში. ამასთან, არ იყო დამონტაჟებული რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაური)" -
ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიებაში გამოვლენილი ახალი გარემოებაა ისიც, რომ ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციისას მერიის კონტრაქტორმა კომპანია "გრინსერვი +"- მა მერიაში გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. პროკუატურის ცნობით, ამ ცვლილებებს თან არ ახლდა სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა მათი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.

"მიუხედავად აღნიშნულისა,2022 წლის 16 მარტს და 15 აგვისტოს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსსა და შპს ,,გრინსერვის+“-ის დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე უკვე დამტკიცებული პროექტი შეიცვალა.

საბოლოოდ, შპს ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,გრინსერვის+“-ს მერიის საქალაქო სამსახურისთვის არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები აღნიშნული დოკუმენტების გარეშე მიიღო" - წერს პროკურატურა, რომელიც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს ახალი ბრალდებულების მიმართ.

ტრაგედია ვაკის პარკში, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა, 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. 19 ოქტომბერს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა მერიის გარემოს დაცვის სამასხურის ხელმძღვანელმა, გიგა გიგაშვილმა. საზოგადოების ნაწილი მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების შემდეგ ითხოვდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო და გადამდგარიყო ქალაქის მერი. კახა კალაძემ, რომელმაც შადრევანი ვაკის პარკში საზეიმოდ უბედურ შემთხვევამდე 1 დღით ადრე გახსნა, თქვა, რომ მზად იყო სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის, თუკი გამოიკვეთებოდა მისი დანაშაული მომხდარში.

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ამ დრომდე ბრალდებულია 9 ადამიანი, მათ შორის მერიის გარემოს დაცვის სამახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე და კომპანია გრინსერვის +-ის დირექტორი. სასამართლოშო ამ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG