Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტამდე მისასვლელი დერეფანი გადაკეტილია


კორდონი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დარბაზთან
კორდონი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დარბაზთან

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, თუმცა დარბაზში შესვლა შეზღუდულია. დარბაზამდე მისასვლელი გზა სამართალდამცავებს აქვთ გადაკეტილი და უშვებენ მხოლოდ მათ, ვინც სპეციალურ სიაშია.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთ. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

მანამდე, პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის შენობაში „დაშვების შეზღუდული რეჟიმია“.

მათი ცნობით, შეზღუდვა, რომლის „მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ, დამსწრე პირებს.

საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს: სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, გურამ მაჭარაშვილს, დაჩი ბერაიას და ვიქტორ ჯაფარიძეს.

"ხალხის ძალის" წარმომადგენელთა საკანონმდებლო ინიციატივა "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.

2 მარტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ამ კანონპროექტების პირველი განხილვა უმრავლესობის და ოპოზიციის მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

პარალელურად, პარლამენტის შენობაში და მის გარეთ საპროტესტო აქცია გამართეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქციის 36 მონაწილე დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG