Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პოლიციური რეჟიმის მაგალითი" - დეპუტატი ქალები იხსენებენ "აგენტების" კანონის პირველ განხილვას


"უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტების განხილვა კომიტეტის სხდომაზე. 2 მარტი, 2023 წელი
"უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტების განხილვა კომიტეტის სხდომაზე. 2 მარტი, 2023 წელი

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პარლამენტში ხმაურით დაიწყო. დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს მედიასა და არასამთავრობოების ნაწილს. ისინი კანონებს შენობაში და პარლამენტის წინ აპროტესტებდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები, ვინც სხდომაზე შევიდა, რამდენჯერმე გამოაძევეს დარბაზიდან.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 2 მარტს დაგვიანებით, დღის მეორე ნახევარში, პროტესტის ფონზე დაიწყო. უმეტესობამ, ვისაც შეიძლება შეეხოს "აგენტების შესახებ" კანონი, განხილვის დარბაზში შესვლა ვერ მოახერხა. პარლამენტის სხვა დარბაზებთან შედარებით მომცრო ოთახი, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა კომიტეტებმა "ხალხის ძალის" წარდგენილი კანონპროექტების გასახილველად შეარჩიეს, უკვე შევსებული იყო. ოთახთან მისასვლელ დერეფანში მანდატურის სამსახურისგან განსხვავებული, ან სულაც სამოქალაქო ტანსაცმლიანი კაცები უსიტყვოდ აკონტროლებდნენ, მათ შორის, დეპუტატების გადაადგილებასაც.

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, რომლებმაც მოახერხეს კომიტეტის დარბაზში შესვლა და განხილვაში ჩართვა, რადიო თავისუფლებასთან იხსენებენ გუშინდელ სხდომას.

გაურკვეველი ადამიანები

დეპუტატი თამარ კორძაია ჰყვება, რომ ის და ხათუნა სამნიძე ადრევე მივიდნენ სხდომაზე და შესვლისას პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა არეულობა ამის შემდეგ დაიწყო:

"შიგნით ისეთი ამბავი ტრიალებდა, ვისაც გამოაგდებდნენ, უკან აღარ უშვებდნენ. ეს იყო მთელი გაუგებრობა, ის ინციდენტიც კართან, სადაც ჩვენ არ გვიშვებდნენ, მე კარს ვურტყამდი და ხათუნა [სამნიძე] გაურკვეველ ადამიანებს ეჩხუბებოდა, რომ შევეშვით. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ, დეპუტატებს მოგვიწია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას შუამდგომლობით შესვლა. ის გამოუშვეს, რათა შევეყვანეთ. ეს არის არანორმალური. ირაკლი ზარქუამ რატომ უნდა შეგვიყვანოს, ჩვენ ისეთივე მანდატი გვაქვს, როგორც მას. გუშინ ყველაფერი იკადრეს, რაც შეიძლებოდა.

აძევებდნენ მამაკაცებს. ჩვენ ვცდილობდით, ისინი არ გაეძევებინათ და ჭიდაობა-ჭიდაობაში ყველანი რაღაც ეტაპზე გარეთ ვიყავით. ბოლოს, ყველაზე დიდი გამოშვების დროს, უკან აღარ შეგვიშვეს, საბოლოოდ, ხათუნა სამნიძეც გამოაძევეს, იმიტომ რომ სასტვენი ჰქონდა და ხმაურობდა".

ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს დარბაზიდან გამოყრილ დეპუტატებსა და კართან მდგარ კაცებს შორის ინციდენტი, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დეპუტატი ცდილობს ოპოზიციონერი ქალების უკან, სხდომაზე შეყვანას.

კორძაია იხსენებს, რომ კართან იდგნენ "გაურკვეველი ადამიანები", რომლებიც დეპუტატებს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას განმარტების გარეშე აღარ აძლევდნენ:

"ისინი პასუხს არ გცემენ, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია. ზოგმა მათგანმა ისიც კი არ იცის, პარლამენტის წევრი ვართ თუ არა. ასეთი ხალხი მოჰყავთ. როცა ვეუბნებით, შეგვიშვით, პარლამენტის წევრი ვარ და ა.შ., გაყინული თევზის თვალებით გიყურებენ. მათი ფუნქციაა ზემდგომის დავალებების შესრულება და არა განმარტებების მოცემა.

როცა ვიკითხეთ, ვინ იყვნენ, აგვიხსნეს, რომ სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები არიან. ვთხოვეთ საბუთი და გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ. რითი შემოხვედით შენობაში-მეთქი და ამაზე პასუხს არ გვაძლევდნენ...

კომიტეტზე წესრიგის დაცვა ევალება კომიტეტის თავმჯდომარეს. მას, ასევე, უფლება აქვს, გაგვაძევოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გაურკვეველი, სრულიად უსაბუთო ადამიანები რას აკეთებდნენ? ვინ იყვნენ? რატომ იყვნენ? არ ვიცი. იქ საგანგებო მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა, იყო ხმაურიანი განხილვა ქვეყნის მტრული კანონის. მოიყვანეს სრულიად უცხო ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ უფლებამოსილება, ჩვენ, დეპუტატებს შეგვეხონ".

დეპუტატის თქმით, კანონპროექტის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები შენობაში უპრობლემოდ, "ძალიან ორგანიზებულად" შედიოდნენ, ოპოზიციის მიერ დაშვებული საშვებით კი ხალხს არ უშვებდნენ.

"კატასტროფულად პოლიციური რეჟიმის მაგალითი იყო ის, რაც გუშინ პარლამენტში ხდებოდა".

“თავმჯდომარემ პასუხი უნდა აგოს”

პარტია "ლელოს" დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი იყო იმ ქალ ოპოზიციონერებს შორის, რომელიც დარბაზში შევიდა და სხდომის მიმდინარეობისას "ხმაურის მიზეზით" გააძევეს გარეთ.

"ჯერ მამაკაცები დააკავეს და გაათრიეს ოთახიდან. დაგვტოვეს მხოლოდ ქალები. არ ვიცი, რატომ ჰქონდათ ასეთი წარმოდგენა, რომ ქალებს მარტივად მოგვინელებდნენ? რამდენიმესაათიანი დაძაბული პროცესის შემდეგ, ფიზიკური ძალის გამოყენებით გაგვიშვეს ოთახიდან. მე არ მაქვს პრეტენზია მანდატურებთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელმაც გასცა ეს ბრძანება, დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებას შეუშალა ხელი და მან ამაზე პასუხი უნდა აგოს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორივე მხრიდან იყო დაძაბული საუბარი, ყვირილი, ბრახუნი და ა.შ. მაგრამ ჰოი, საოცრებავ! როგორღაც მხოლოდ ოპოზიციონერი ქალები გაიყვანეს ძალის გამოყენებით და არცერთი კაცი „ქართული ოცნებიდან“ ან „ხალხის ძალიდან“.

ძალიან საინტერესო ამბავია, ვინ აკონტროლებდა პარლამენტს. ჩვენ იქ ვნახეთ არაერთი ადამიანი, რომელიც არაა პარლამენტის თანამშრომელი და არავის განუმარტავს, ვინ არიან ისინი და რატომ იყვნენ შენობაში".

კორდონი პარლამენტის დერეფანში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომის მიმდინარეობისას. 2 მარტი, 2023 წელი.
კორდონი პარლამენტის დერეფანში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომის მიმდინარეობისას. 2 მარტი, 2023 წელი.

როგორც დეპუტატი ამბობს, გაერთიანებულ კომიტეტის სხდომებზე, როგორც წესი, დაინტერესება დიდია და, შესაბამისად, ბევრი ხალხი იყრის თავს მასზე დასასწრებად, თუმცა ის მაინც მცირე ზომის დარბაზში ჩაატარეს, სადაც შეუძლებელი იყო ინკლუზიური პროცესის წარმართვა.

"ჩემი რამდენიმე კოლეგა ჩემზე ადრე შევიდა და უკვე აღმოაჩინეს, რომ სივრცე დაკავებული იყო. ადამიანებს უბრალოდ დააკავებინეს სკამები, რათა რეალურად დაინტერესებული საზოგადოება ვერ მოხვედრილიყო განხილვაზე.

ერთი უბედურებაა, რომ ამ „ფოსტალიონებმა“, ასე მოვიხსენიებ „ხალხის ძალას“, არავისთან კონსულტაცია არ გაიარეს. მეორეა, რომ დარბაზში შემოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს ორგანიზაციების დიდ ნაწილს, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი. სანაცვლოდ, ძალიან მარტივად აღმოჩნდნენ იმ შემჭიდროვებულ სივრცეში ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ღიად პრორუსულები არიან. ასევე, იქ აღმოჩნდა ერთ-ერთი პირი, რომელიც სამარცხვინო აქციებში მონაწილეობს ხშირად კახეთში, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დაბღლარძუნებდა კომიტეტის სხდომაზე. რას წარმოადგენდა, რას აკეთებდა, რატომ იყო იქ, როცა პროცესი ვისაც ეხება, ის ადამიანები არ შემოუშვეს?"

ორშაბათს, 5 მარტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტები. ანა ნაცვლიშვილი ვარაუდობს, რომ უფრო მძიმე ვითარება იქნება, ვიდრე გუშინ: "ველოდები, რომ უფრო დესტრუქციულ გარემოს შექმნიან".

ოფიციალურად უცნობია, მანდატურის გარდა, რომელი სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ პარლამენტში მყოფი ადამიანების გადაადგილებას 2 მარტს და რატომ გახდა მათი ჩართვა საჭირო საკომიტეტო განხილვის პროცესში. რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით საქართველოს პარლამენტს მიმართა, თუმცა მათ ზეპირი პასუხი არ ჰქონდათ და მის მისაღებად, ოფიციალური წერილის მიწერა ითხოვეს.

2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე ხმაურიანი განხილვის შემდეგ მხარი დაუჭირეს კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. ეს ორი კანონპროექტი მმართველი პარტიიდან „სიმართლის სათქმელად“ გამოყოფილმა დეპუტატების მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დაარეგისტრირა პარლამენტში.
  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG