Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავს


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტებს პარლამენტი 9 მარტს განიხილავს. როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გაიტანენ ორივე კანონპროექტს.

„ცხელი დღეები გვქონდა ამ დღეებში და როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტების მოქმედებებიდან გამომდინარე, ასეთივე კვირა გვექნება.

ხვალ ასეთი დღის წესრიგი გვექნება: პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, შემდეგ განვიხილავთ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონს და სხვა მიმდინარე კანონპროექტებს.

რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონს, ორივე კანონს ვგულისხმობ, ალბათ, ამისათვის ჩვენ მთელი დღე დაგვჭირდება და ხუთშაბათი გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით.

ხვალ იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონის განხილვაც, რომელიც ასევე ვნებათაღელვის საფუძველი გახდა. ვფიქრობ, რომ ეს კანონი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს ემსახურება“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის თანახმად, კანონპროექტები, როგორც კი დამტკიცდება პირველი მოსმენით, იმწამსვე გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში. როგორც მდინარაძემ თქვა, საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას აპირებს, თუკი მასში რაიმე არარაციონალური არ იქნება.

მამუკა მდინარაძემ „უცხოეთის გავლენის აგენტის" კანონპროექტების მხარდაჭერის მოტივაციაზეც ილაპარაკა. მისი განცხადებით, დაგეგმილია პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიის გაძლიერება და ამიტომ საჭიროა ფინანსების გამჭვირვალეობა, რასაც, დეპუტატის თქმით, კანონპროექტები ითვალისწინებს.

„მათ [არასამთავრობო ორგანიზაციებს] უნდათ გააძლიერონ ძალისხმევა საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის, გააძლიერონ ომის პროპაგანდის ძალისხმევა. ეს ყველაფერი უნდა გააძლიერონ და ეს ვიცით. ჩვენ ვეუბნებით მათ, უბრალოდ, ადექით და ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს. ეს არის და ეს. როდესაც შენ აგინებ პატრიარქს (უკაცრავად, რომ ამის თქმაც კი მიწევს), ქართულ ეკლესიას და შენ ქართული სახელმწიფოს ქაოსში ჩათრევა გინდა, რევოლუციურ სცენარში და ომში ჩართვა გინდა, ამის კამპანიას აძლიერებ და ვიცით, რომ გაორმაგებულ ენერგიას გაორმაგებული ფინანსები სჭირდება, ჩვენ ვეუბნებით მათ, ახლა ადექით და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, იმას კი არა, კეთილშობილურ მიზნებს, ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს, ამისი გამჭვირვალობა უზრუნველყონ", - თქვა მან.

მდინარაძის განცხადების მიუხედავად, ოპოზიცია აცხადებს, რომ 7 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქცია მაინც გაიმართება.

„არ დაგაბნიოთ მდინარაძემ, შეშინებულები კი არიან და ხვალ არა, მაგრამ რუსული დავალების შესრულებას მაინც აპირებენ-ხუთშაბათს მივიღებთ რუსულ კანონსო, ოღონდ ამერიკულიაო.

სახ დეპმა და სენატმა, ჰელსინკის კომისიამ, ევროკავშირმა კი უთხრეს, რუსულია, არაა ამერიკულიო, მაგრამ მაინც.

ამიტომ ხვალ ისევ პარლამენტთან, 9:30", - წერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დეპუტატი „ლელოდან" სალომე სამადაშვილი.

6 მარტს, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ.

6 მარტს, დილიდან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა კანონპროექტებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავდნენ, დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG