Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გეხება კანონი ე.წ. აგენტების შესახებ შენ, შენს ოჯახის წევრს


საპროტესტო აქცია პარლამენტთან, 2 მარტი, 2023
საპროტესტო აქცია პარლამენტთან, 2 მარტი, 2023

„ვერასდროს შევძლებდი ჩემი, ჩემი შვილისა და შვილიშვილის უფლებების დაცვას, ვერასდროს შევძლებდი, მომეგროვებინა იმდენი თანხა, რომ კერძო ადვოკატი ამეყვანა და მებრძოლა იმისთვის, რომ ჩვენთვის, რომლებიც წლებია ოჯახში ძალადობის მსხვერპლები ვართ, გამოძიებას დაზარალებულის სტატუსი მოენიჭებინა.

დღეს ჩვენს საქმეს რომ სასამართლო განიხილავს, ეს არასამთავრობო ორგანიზაციის დამსახურებაა“, - მეუბნება თამარ ტალიკაძე, რომლის უფლებებსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები იცავენ.

თამარ ტალიკაძეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აქვს და მათი საშუალებით სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვაგვარი სამართლებრივი დახმარება მიიღო.

ამიტომ დღეს, როდესაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტების განხილვა დაიწყო პარლამენტში, ეშინია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ის, მისი ოჯახი და სხვა ადამიანები, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დახმარების გარეშე დარჩნენ:

„ყველამ, მათ შორის, ჩემნაირმა, რიგითმა ადამიანებმა უნდა ამოვიღოთ ხმა, რომ პარლამენტმა ეს კანონი არ მიიღოს. სწორედ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს კანონი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ყოფნა-არყოფნას კი არ ეხება, ეს პირველ რიგში, ჩვენ გვეხება, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ადამიანებს, რომლების უფლებებიც ამ ქვეყანაში ყველა ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. აქცია გაიმართება თუ საპროტესტო გამოსვლები, ყველგან წავალ და ყველგან ვიქნები, რომ არ დავუშვათ იმ კანონის მიღება, რომელიც პირველ რიგში, ჩვენ, რიგით ადამიანებს გვიქმნის საფრთხეს“.

თუკი სტატისტიკასა და თუნდაც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მაგალითს მოვიშველიებთ, როგორც ორგანიზაციაში მეუბნებიან, დონორებისა და საერთაშორისო პროექტების დაფინანსებით, მხოლოდ დღევანდელი მონაცემებით, ცენტრის ადვოკატები სასამართლოში იცავენ 116 მოქალაქეს, საქართველოს საგამოძიებო ორგანოებში - 61 მოქალაქეს, ადმინისტრაციულ ორგანოებში - 21-ს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ეკა ქობესაშვილის თქმით, უნდა ვივარაუდოთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია შეწყვეტს საქმიანობას და ვეღარ შეძლებს იმ მოქალაქეების დაცვას, რომლებიც მათ დახმარებას საჭიროებენ.

იურისტი ამბობს, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან ათასობით ადამიანის უფლებებს იცავს, არ აპირებს „აგენტის“ სტატუსით გააგრძელოს მუშაობა და იმ ადამიანების პერსონალური ინფორმაცია, რომელთა უფლებებსაც ისინი იცავენ, საფრთხის ქვეშ დააყენოს:

ეკა ქობესაშვილი
ეკა ქობესაშვილი

„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ვარიანტი შევა ძალაში, რუსული თუ ამერიკული ვარიანტი, ჩვენთვის, ორივე კანონი მიუღებელია. თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება ე.წ. აგენტების რეესტრში საკუთარი ნებით და თუნდაც 25-ათასლარიან ჯარიმას გადაიხდის, კანონპროექტში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ავტომატურად დაგვარეგისტრირებს რეესტრში, როგორც აგენტ ორგანიზაციას. ანუ, გვინდა თუ არ გვინდა, თუკი მუშაობას აგრძელებ, ამ სტატუსის მატარებელი ხდები. ამ კანონის მიღების შემდეგ, ორგანიზაციები და მათ შორის, ჩვენი ორგანიზაცია, უბრალოდ იძულებული იქნება, რომ დაიხუროს. რადგან არავინ ვაპირებთ ვატაროთ აგენტის სტატუსი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ვიბრძვით და ვიცავთ ათასობით ადამიანის უფლებას და ვიბრძვით იმისთვის, რომ ადამიანებმა იპოვონ სამართალი. ვიბრძვით პოლიციაში, გამოძიებაში, პროკურატურაში, სასამართლოში და ასეთი ორგანიზაციები ამ კანონის მიღების შემდეგ, იძულებული ვხდებით, გავჩერდეთ“.

ეკა ქობესაშვილი მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების უფლებებზე, რომლებიც მათ ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართავენ:

„ეს ადამიანები ჩვენი შრომისა და ბრძოლის შედეგად არიან მეტ-ნაკლებად დაცულები და სწორედ ეს ადამიანები აღმოჩნდებიან ჰაერში, დაუცველები. მერწმუნეთ, მათ ნამდვილად არ აქვთ იმის ფინანსები, რომ აიყვანონ კერძო ადვოკატები და საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოებში იდავონ“.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მიზანია საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, არამედ ისეთი სუბიექტებისაც (ენჯეოებისა და მედიის), რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე.

ეკა ქობესაშვილი აბსურდულს უწოდებს კანონპროექტის ამ ე.წ. მიზანს ერთი მარტივი მიზეზის გამო - არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები, დაფინანსების წყაროები, სრულად არის ასახული და რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურსა და სხვა ღიად და საჯაროდ ხელმისაწვდომ ინტერნეტრესურსებში. იურისტი ამბობს, რომ მიზანი არა დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა, არამედ მესამე სექტორის მაქსიმალური შევიწროება და საბოლოოდ, მათი გაქრობაა:

„ჩვენი დაფინანსების წყაროები ისედაც გამჭვირვალეა და ასე იყო ყოველთვის. ეს ინფორმაცია საჯაროდ დევს ორგანიზაციების ვებსაიტებზე, ეს ინფორმაცია ოფიციალურადაა რეგისტრირებული საგადასახადო სამსახურში, ვართ შემოსავლების გადამხდელები. ყველა ინფორმაცია, თუნდაც რამდენია ჩვენი თანამშრომლების ხელფასი, საგადასახადოშია რეგისტრირებული და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის. ამ კანონს სულ სხვა მიზანი აქვს და ეს ძალიან ნათელია, მესამე ძალამ ამ ხელისუფლებას შეუქმნა დიდი დისკომფორტი. ხელისუფლება არაერთხელ ამხილა ძალიან ბევრ გადაცდომასა და უკანონო ქმედებაში. სწორედ ამ დისკომფორტის მოსახსნელად ცდილობენ მიიღონ კანონი, გააჩუმონ და გააუქმონ მესამე ძალა. ეს არის რუსეთის მიზანი თავიანთ ქვეყანაში და ეს არის ამ ხელისუფლების მიზანი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ჩვენ არ ვართ უცხოური აგენტები და ამას ვერ დავიბრალებთ. ჩვენ არ ვართ აგენტები, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დაუღალავად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ხალხის უფლებები იყოს დაცული“.

იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი კანონპროექტს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დაამტკიცებს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გეგმავს, რომ გამოიყენოს ყველა შესაძლო სამართლებრივი გზა ამ კანონის წინააღმდეგ, იქნება ეს შიდა ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება გურამ იმნაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, რომლისთვისაც ცხადია, რომ კანონპროექტის რეალური და ერთადერთი მიზანია, საზოგადოებაში გააჩინოს უნდობლობა კრიტიკული აზრის მიმართ:

გურამ იმნაძე
გურამ იმნაძე

„თითქოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, მოქმედებენ ფარული დღის წესრიგით და ამის მიზანია, რომ ჩვენს მიერ, ყოველდღიურ რეჟიმში გამოთქმული კრიტიკა, მიგნებები თუ რეკომენდაციები ადამიანის უფლებებისა თუ სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით, საზოგადოების თვალში დაამცირონ. ეს კანონპროექტი შეუთავსებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითხრეს საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ჩვენი ევროინტეგრაცია და, საბოლოო ჯამში, მისი ერთადერთი შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ ნამდვილად დავრჩებით რუსულ ორბიტაზე, რომელიც ნამდვილად არ არის ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი“.

გურამ იმნაძე ამბობს, რომ „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრი არ აპირებს ე.წ. აგენტების რეესტრში რეგისტრაციას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ რეესტრში აღმოჩენა მათთვის ღირსების შემლახავია. თუმცა, მისი თქმით, ამას სხვა, პრაგმატული მიზეზიც აქვს:

„თუკი დღეს ხელისუფლება გვაიძულებს, რომ რეესტრში დავრეგისტრირდეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და ზეგ ამ კანონპროექტის ქოლგის ქვეშ ძალიან კონკრეტული შეზღუდვები და ვალდებულებები გაიწერება, რომლებიც უბრალოდ შეუძლებელს გახდის ჩვენნაირი ორგანიზაციების დამოუკიდებლად და ხარისხიანად მუშაობას. საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ეს კანონპროექტი არ ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, ამ კანონს პირდაპირი ეფექტი ექნება ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეებზე, რომლებიც, მაგალითად, არიან საპოლიციო ძალადობის მსხვერპლნი და უნდათ სამართლებრივი დახმარება. ძალიან ფართოა იმ ადამიანების ჯგუფები, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ დახმარებას ვუწევთ - შრომითი გაფიცვის მონაწილე ადამიანები, გარემოსდაცვითი აქტივისტები, შშმ პირები, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური უმცირესობები და სხვა. ეს კანონპროექტი ყველა ამ ადამიანს უქმნის საფრთხეს“.

„დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრში“, რომელიც წლებია უცხოური დაფინანსებით სხვადასხვა სოციალურ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უფასო სადილს აწვდის, ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებენ:

„ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს სოციალურ თემებზე, ვიცავთ შშმ პირთა უფლებებს. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად გვიწევს ადამიანების დაცვა. თუკი კანონი დამტკიცდება და ჩვენ მაინც აღმოვჩნდებით ამ „აგენტების“ რეესტრში, ორი გზა გვრჩება, ან ვიწყებთ სასამართლო დავას, ან იძულებულები ვხვდებით, რომ დავტოვოთ საქართველო“, - გვეუბნება „დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის“ დირექტორი, მიხეილ ჭითაშვილი.

მარი კორკოტაძე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედაა. ის წლებია იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი შვილის ჯანმრთელობისა და განვითარების უფლებისთვის, არამედ სხვა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების უფლებებისთვისაც.

წლების წინ, როდესაც მის შვილს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი დაუსვეს, შვილის უკეთესი მომავლისა და განვითარებისთვის ბრძოლაში მარტო ჩაება. თუმცა, ამბობს, რომ მალე, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შეძლო დაეგროვებინა ის ცოდნა, რომელიც დღეს მას და სხვა მშობლებს შვილების უფლებებისათვის ბრძოლაში ეხმარება:

მარი კორკოტაძე
მარი კორკოტაძე

„სამწუხაროდ, დღემდე მესმის ხოლმე ფრაზები, რა გაუკეთებია ჩემთვის არასამთავრობოებსო. იცით, რას მივხვდი? როდესაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებდნენ და ატარებენ ტრენინგებს ან საინფორმაციო შეხვედრებს, თურმე უფრო მეტად უნდა აუხსნან ტრენინგის მონაწილეებს, რომ ეს ტრენინგები სწორედ ამერიკული და ევროპული დაფინანსებით კეთდება. სანამ აქტივისტი გავხდებოდი, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით გავიარე ტრენინგები, მივიღე ცოდნა, განათლება, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება გამეგრძელებინა და სხვა მშობლებისთვის გადამეცა ეს ყველაფერი, დამეყენებინა სწორ გზაზე, რაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს, როცა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ და იბრძვიან, მაინც ყველა ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ჩვენი უფლებები და წარმოიდგინეთ, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეექმნებათ ფუნქციონირების პრობლემა, მაშინ რა მოხდება? იქ დასაქმებული ადამიანები ჩვენი სახელით იბრძვიან სასამართლოებში, ქმნიან პრეცედენტებს და ამ პრეცედენტების საფუძველზე, სახელმწიფო იძულებული ხდება, რომ სერვისები დანერგოს. რა იქნება შემდეგ?“

კანონპროექტში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, არ წერია, რომ „უცხო ქვეყნის“ თუ „უცხო ძალის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან „აგენტების“ რეესტრში დარეგისტრირების თავიდან აცილების გამო, ორგანიზაცია გაუქმდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, ანა აბაშიძე, საკუთარი ორგანიზაციის მაგალითზე მიხსნის, რატომ ემუქრება მათ ორგანიზაციას, ისევე, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დონორების მიერ ფინანსდებიან, თვითლიკვიდაცია.

პირველ რიგში, ანა აბაშიძე ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, მათი ორგანიზაცია არ გეგმავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებას ის ასე ხსნის:

ანა აბაშიძე
ანა აბაშიძე

„ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ღირსებაშელახული ადამიანი სხვის ღირსებას და უფლებას ვერ დაიცავს. მთელი ცხოვრება, ჩემს მეგობრებთან ერთად ვშრომობ იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული უფლებები და გარანტიები იყოს დაცული დაუცველი ადამიანებისთვის და ამას ვაკეთებ ჩემი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. ახლა კი მთელი ჩემი ცხოვრების მთავარ იდეას არქმევენ არა კონსტიტუციური უფლებების დაცვისთვის მუშაობას, არამედ რომელიმე ქვეყნის, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის, გავლენის გამტარებელს, მე კი აგენტს მიწოდებენ. ეს კანონი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს დემოკრატიას, რომლის ფარგლებშიც არსებობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. როდის ვარქმევთ რაღაც კონკრეტულ საქმეს სხვა ქვეყნის ინტერესებს? მაშინ, როდესაც ამ სხვა ქვეყნის ინტერესები არ ემთხვევა შენი ქვეყნის ინტერესებს. და რა გამოდის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესებს არ ემთხვევა, მაგალითად, ბავშვების, ქალების, შშმ პირების უფლებების დაცვა?“.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, თუ რატომ ემუქრება მათ ორგანიზაციას ლიკვიდაციის საფრთხე, ანა აბაშიძე ამბობს, რომ ისინი ვერ გადაიხდიან ჯარიმას, რომელიც კანონპროექტის თანახმად, „აგენტების“ რეესტრში თავის არიდების შემთხვევაში დაწესდება.

კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. თუმცა, კანონპროექტი მხოლოდ 25-ათასლარიანი ჯარიმით არ შემოიფარგლება:

„კანონპროექტში წერია, რომ როგორც კი არ დავრეგისტრირდები დანიშნულ ვადამდე, ჩვენ ავტომატურად დავჯარიმდებით 25 ათასი ლარით. ამის შემდეგ, ავტომატურად ხდება ჩვენი დარეგისტრირება და შემდგომში ვალდებული ხდები, განაახლო მონაცემი და თუკი არ განაახლებ, კიდევ 10 ათასი ლარით დაჯარიმდები, ანუ საბოლოოდ, შედეგი იქნება ის, რომ შენ აუცილებლად იქნები რეგისტრირებული რეესტრში და პლიუს შენს ორგანიზაციას დაეწერება 35 000-ლარიანი ჯარიმა და თუ არ გადაიხდი, ავტომატურად დაყადაღდება შენი ანგარიშები. პირველი, ჩვენ არანაირი რესურსი არ გვაქვს, რაიმე ტიპის ჯარიმა გადავიხადოთ. პირდაპირ გეტყვით, საკუთარი ხარჯებით დავდივართ, საქმეების დაახლოებით 40%-ის განხილვებზე. ეს ჩვეულებრივი საკითხია სამოქალაქო სექტორისთვის. და მეორე, თუკი მე ამ რეესტრში იძულებით დამარეგისტრირებენ, ერთადერთი გზა, რომ გავქრე ამ რეესტრიდან, არის ორგანიზაციის ლიკვიდაცია. ამიტომ ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ შენ გაიძულებენ, შენივე ხელით გაუკეთო ლიკვიდაცია შენს ორგანიზაციას. აი, ეს მოხდება“.

„ხალხის ძალას“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ქმნის, პარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებით უკვე ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული. პირველი კანონპროექტი, რომელსაც ისინი კანონპროექტის ქართულ ვარიანტს უწოდებენ, დეპუტატებმა 14 თებერვალს წარადგინეს, მეორე, ე.წ. ამერიკული ვარიანტის „ზუსტი ანალოგი“ (ასე მოიხსენიებენ ავტორები ამ კანონპროექტს), ორი კვირის თავზე, 27 თებერვალს. დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ ორივე კანონპროექტი პირველი მოსმენით, ერთდროულად იქნება დამტკიცებული. ამის შემდეგ კი კანონპროექტებს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაში გაამწესებენ შეფასებების მისაღებად.

„ქართული“ და „ამერიკული“ კანონპროექტები, პირველივე დღეებიდან მოექცა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორების, მათ შორის, დიპლომატების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, გაეროს, ევროკავშირის წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის არეალში. სხვადასხვა განცხადებაში, ისინი კანონპროექტებს „შემაშფოთებელს“, „დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებას“, „ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან შეუთავსებელს“ უწოდებენ.

ორგანიზაციებისთვის, რომელთა დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოური წყაროა, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება სავალდებულო იქნება კანონის მიღებისთანავე - ჯარიმების დაკისრება კი, ორ თვეში, 60 დღეში დაიწყება.

მიუხედავად ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრი კრიტიკისა, მიუხედავად საპროტესტო განცხადებებისა, რომლებსაც ასობით არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია აწერს ხელს, დაგეგმილია, რომ ორიდან ერთ-ერთი პროექტი ივნისის ბოლომდე, სამივე მოსმენით დამტკიცდება.

კანონპროექტების განხილვა პარლამენტმა 2 მარტს ხმაურის, საპროტესტო აქციისა და პარლამენტის შენობაში, ფიზიკური დაპირისპირების ფონზე დაიწყო.

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG