Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაცვლიშვილი: "ქართული ოცნება" არის მარტო რუსულ კანონთან


(მარცხნიდან) ხათუნა სამნიძე, ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი
(მარცხნიდან) ხათუნა სამნიძე, ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი

პარლამენტში, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელზეც მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში შეიტანეს "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტებიც "უცხოეთის აგენტების შესახებ", ქალმა დეპუტატებმა ოპოზიციიდან ბრიფინგი გამართეს. მათ თქვეს, რომ საკუთარი მანდატისა და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ ამ კანონის წინააღმდეგ.

"ამ პროცესში რუსული კანონის ჯიქურ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებისას "ქართული ოცნება" არის მარტო. მთელი ოპოზიცია არის ერთად, მთელი საზოგადოება არის ერთად, მთელი დასავლური სამყარო დგას ამ ქვეყნის გვერდით და არ იშურებს ენერგიას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში შეახსენოს, რომ რუსული კანონის მიღება არის ამ ქვეყნის საწინააღმდეგო და კარს უკეტავს ქვეყანას დასავლეთში", - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ. მან თქვა, რომ ამ კანონების მხარდამჭერებს სულ უნდა ახსოვდეთ, რომ რუსული ინტერესების გამტარები იქნებიან საქართველოში.

"არ გავჩერდებით არცერთი ჩვენგანი, არ მივცემთ უფლებას "ქართულ ოცნებას", დაღი დაასვას ამ ქვეყანაში თავისუფალ და საღად მოაზროვნე ადამიანებს. "ქართულ ოცნებას" არ უნდა დაინახოს ის ტალღა, ის ზვავი, რომელიც მოდის მათ წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ყოველდღიურად რამდენიმე განცხადება ვრცელდება ხელმოწერებით, რომ არ დაუშვას ამ ქვეყნის შეტრიალება რუსეთისკენ", - თქვა ხათუნა სამნიძემ და დაამატა, რომ მათ ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ შეახსენეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ის უდგას სათავეში ამ პროცესს და უხსნის გზას.

ამ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა კოლეგები "ისტერიის დათესვის მცდელობაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ "პატრიოტობაზე თავს არ დაადებინებდა არავის."

ანა ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას საქართველოს ინტერესების დაცვისას გამოხატული პრინციპული პოზიციისთვის და თქვა, რომ ოპოზიციაც ყველაფერს გააკეთებს ამ გზაზე. მან თქვა, რომ მმართველი პარტია არის მარტო "რუსულ კანონთან."

"ქართული ოცნება" ემზადება იმისთვის, რომ პროცესი გააჭიანუროს და გამოიყენოს მისთვის კარგად ნაცნობი ტაქტიკა ტალღების და ბრაზის გადაგორების. ნუ მივცემთ მათ ამის საშუალებას. ჩვენ აქ არ გავჩერდებით, არ მივცემთ მათ შესაძლებლობას, გველაპარაკონ პეპლებსა და ყვავილებზე, მაგრამ ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას, არ გაჩერდეთ", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

"რუსული კანონის მისაღებად უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ იძალადოს პრესაზეც. იმიტომ, რომ რუსული კანონი უნდა მიიღონ, თქვენ არ გაქვთ საშუალება გადაადგილდეთ დერეფნებში. რუსული კანონპროექტის მისაღებად აკეთებენ ყველაფერს. ხუთშაბათს გამოდის ორივე კანონპროექტი განსახილველად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხუთშაბათსაც ყველამ ერთად ავიმაღლოთ ხმა. ახლა გაჩერება არ შეიძლება", - თქვა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, მმართველი პარტია შეშინებულია და პარლამენტში დაწესებული შეზღუდვები ამის დასტურია.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

XS
SM
MD
LG