Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ძალიან დაგვაზარალებს" - ილიას უნივერსიტეტის რექტორი ხსნის, რას მოიტანს "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონი


ნინო დობორჯგინიძე
ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე ფეისბუკზე ვრცელი სტატუსით ეხმიანება საქართველოს პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვის პროცესს და ხსნის, მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის შემთხვევაში, რა ზიანს მოიტანს ეს კანონი, თუკი მას პარლამენტი მიიღებს.

"გერმანიის ელჩმაც გააკეთა განცხადება და უკვე მერამდენემ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან გვითხრა, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონი ხელს შეუშლის ჩვენს ინტეგრირებას ევროკავშირთან. საერთაშორისო პარტნიორების ეს შეფასება უკვე ნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ძალიან დაგვაზარალებს: ერთი მხრივ, გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, მეორე მხრივ, რეპუტაციულად შეეხება ჩვენს უცხოელ დონორებს, რაც აისახება კიდეც მათ მიერ სხვადასხვა მიმართულების პროექტების დაფინანსების შეზღუდვაზე. ერთიც და მეორეც მძიმე შედეგებს მოიტანს ადამიანის უფლებების, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, მცირე მეწარმეობისა და სხვა სფეროებისთვის.

ჩვენი პარტნიორების მხრიდან საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების შეზღუდვა მხოლოდ ერთი ინსტიტუციის, ილიაუნის მაგალითზე რომ წარმოვიდგინოთ, ნიშნავს, არ გქონდეს:

• საერთაშორისო ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამები გიოტინგენის, მიუნსტერის, ჰალეს, მონპელიესა და გენტის უნივერსიტეტებთან;

• საერთაშორისო ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები გლაზგოსა და ტარტუს უნივერსიტეტებთან; სპეცალური საჭიროებების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და ამ მიმართულებით კვლევების შესაძებლობა; ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები;

• ინსტიტუციური განვითარების, სტუდენტთა, მკვლევართა, პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის 2000-ზე მეტი გაცვლითი პროგრამა სხვადასხვა პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტთან;

• გაცვლითი პროგრამები და ინდივიდუალური სასწავლო და კვლევითი პროგრამები ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან;

• სტემისა და ტექგანათლებლის სპეციალური პროგრამები სკოლებისთვის, საზაფხულო ბანაკები, მასწავლებელთა საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო ქსელი;

• საქართველოში სეისმური მონიტორინგის სადგურების ქსელი (ყველა სადგური უცხოური დაფინანსებით აშენდა), მთელი ქვეყნის და საერთაშრისო მასშტაბით მუდმივი შეტყობინების სისტემა;

• უფლისციხის კლდეებში ძეგლის კონსერვაციისა და მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული შეტყობინების სისტემა;

• ასეთივე სისტემა და ზოგადად, კლდის ძეგლების მონიტორინგი საბერეებსა და ვარძიაში;

• უამრავი კვლევითი თუ სარესტავრაციო საგრანტო პროექტი ჩვენი კულტურული თუ ენობრივი მემკვიდრეობის გადასარჩენად;

• მთარგმნელობითი პროექტები კვლევითი ნაშრომებისა და დარგობრივი სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე სათარგმნად - თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების დიდი უმეტესობა ამგვარად იქმნება;

ეს სია ძალიან გრძელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სფეროს განვითარებისთვის", - წერს ნინო დობორჯგინიძე.

გერმანიის ელჩმა, რომელსაც რექტორი ახსენებს განცხადებაში, 6 მარტს ტვიტერზე დაწერა, რომ "კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება... საქართველოს ევროკავშირში... მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან". პიტერ ფიშერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამას ამბობდა, როგორც საქართველოს მეგობარი.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

XS
SM
MD
LG