Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაცვლიშვილი: პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობა არის ის, რაც ახლა ხდება


7 მარტი. პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ
7 მარტი. პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ

ოპოზიციის ქალმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობაში საგანგებო ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ მოქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

„პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობა არის ის, რაც ახლა ხდება პარლამენტთან. მშიშარა დაიმალა და გაძურწული არის აქედან. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა მინისტრს და პრემიერ ღარიბაშვილს, აღკვეთონ ეს უკანონობა. დაუყოვნებლივ აღკვეთეთ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა... დღეს ქუჩაში მყოფი ადამიანები იცავენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას. შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ასამარებენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას", - განაცხადა დეპუტატმა „ლელოდან" ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას თქმით, შალვა პაპუაშვილი გაიქცა.

„ჩვენ ვისხედით შალვა პაპუაშვილის ცარიელ ოთახში, სადაც ის, როგორც ლაჩარი, უბრალოდ გაიქცა. ხელით გვათრიეს მე და ხათუნა სამნიძე. მაშინ დაგვიწყეს ხელით თრევა, როდესაც მიტინგს ვიღებდით ზემოდან. ჩვენ ვიცით, რომ მიტინგს დაარბევენ. შალვა, ხომ უნდა მოხვიდე ხვალ ამ პარლამენტში, ხომ უნდა დაგველაპარაკო ყველას?!“ - მიმართა კორძაიამ პაპუაშვილს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები ხელებაწეულები დგანან წყლის ჭავლის მანქანების წინ.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეისაც.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

XS
SM
MD
LG