Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელი: ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

გუშინ, 7-8 მარტს, საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოხატავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ტვიტერზე ის წერს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ევროკავშირის გზას არ შეესაბამება.

"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. "უცხოური გავლენის" კანონპროექტის მიღება ევროკავშირის გზასთან შეუთავსებელია, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია. კანონის უზენაესობისა და ადამიანური ღირებულებების ერთგულება ევროკავშირის პროექტის საკვანძო საკითხებია", - წერს მიშელი.

7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული. პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

  • კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გარდა ამისა, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქციის 66 მონაწილე დააკავა.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებს განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს.

დღეს, 8 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG