Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანში ქალთა უფლებების დამრღვევებს


ქალთა საპროტესტო დემონსტრაცია თეირანში. 2022 წ. 23 სექტემბერი
ქალთა საპროტესტო დემონსტრაცია თეირანში. 2022 წ. 23 სექტემბერი

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ირანის რამდენიმე ოფიციალურ პირსა და ორგანიზაციას, რომლებსაც, ვაშინგტონის აზრით, კავშირი აქვთ ქალთა უფლებების სერიოზულ დარღვევებთან. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ცნობაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გადაწყვეტილება მიუსადაგეს ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, და ის ვაშინგტონის მოკავშირეებთან კოორდინაციაშია მიღებული.

"ირანის ციხეები ცნობილია პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობით და სიკვდილის შემთხვევებით. ქალი პატიმრები განსაკუთრებით არიან სექსუალური ძალადობის, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სანქციების სიაში, სხვათა შორის, მოხვდნენ ირანის პენიტენციური სისტემის მაღალი რანგის პირები - პროვინცია ალბორზის ციხეების უწყების ხელმძღვანელი ალი ჩეჰარმაჰალი და პროვინცია დასავლეთის აზერბაიჯანის ორუმიეს ცენტრალური ციხის უფროსი დარიუშ ბახში.

სანქციები დაუწესეს ასევე მაჰდი ამირის - ირანის გენერალური პროკურორის მოადგილეს, რომელიც ინტერნეტის ცენზურისთვის არის პასუხისმგებელი, და ირანის არმიის სარდალს, საიედ აბდოლრაჰიმ მუსავის. როგორც ამტკიცებენ, არმიის ქვედანაყოფები საპროტესტო გამოსვლების ჩახშობაში მონაწილეობდნენ. ირანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო შარშან სექტემბერში, როცა გარდაიცვალა პოლიციის მიერ დაკავებული უფლებადამცველი მაჰსა ამინი. ჯარებმა მუსავის ხელმძღვანელობით ტყვიამფრქვევის ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

ამავე გადაწყვეტილებით აშშ-ის სანქციების სიიდან ამოიღეს რუსული კომპანია „სბერის“ ოთხი შვილობილი კომპანია ყაზახეთში. უწყება არ აკონკრეტებს, რა მოტივით გააკეთა ეს.

2022 წლის სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინი ზნეობის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის ბრალდებით. პოლიციის განყოფილებიდან ამინი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. საპროტესტო აქციების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქალის სიკვდილის მიზეზია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ მისი ცემა. ამის შემდეგ ირანი ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა.

XS
SM
MD
LG