Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვა: წელს რუსეთი უკრაინაში სავარაუდოდ ვერ შეძლებს ბევრი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას


აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი. ვაშინგტონი, 2022 წ. 10 მაისი.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი. ვაშინგტონი, 2022 წ. 10 მაისი.

რუსეთის არმია წელს სავარაუდოდ ვერ შეძლებს მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას უკრაინაში, ის ვერ შეძლებს ერთი წლის ომის განმავლობაში განცდილი დანაკარგების საკმარისად აღდგენას. ასეთი დასკვნით გამოვიდა აშშ-ის სენატის მოსმენაზე შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი. მან კომენტარი გააკეთა ამერიკის დაზვერვის დღეს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშზე, რომელშიც გლობალურ საფრთხეებზეა საუბარი.

ჰეინსის თქმით, უახლოეს დროში ბრძოლის ველზე წარმატებების შესაძლო არქონას რუსეთის ხელმძღვანელობა არ მიიჩნევს ფატალურად. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფსონი დადო ხანგრძლივ ომზე და მას მიაჩნია, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია უკრაინაში მოსკოვის სტრატეგიული ინტერესების უზრუნველსაყოფად - იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შეიარაღებული წინააღმდეგობა წლების განმავლობაში გაგრძელდება.

ჰეინსის სიტყვებით, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთში არ გამოაცხადებენ მობილიზაციის ახალ ტალღას ან თუ მოსკოვი ვერ უზრუნველყოფს მესამე ქვეყნებიდან საკმარისი რაოდენობის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღებას, რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, იძულებული გახდებიან, გადავიდნენ სტრატეგიულ თავდაცვაზე, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე და უარი თქვან უახლოეს მომავალში უკრაინის ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე.

ფრონტის ხაზის უდიდეს ნაწილზე რუსეთის ჯარები ახლა წინ ვერ მიიწევენ, თუმცა ისინი განაგრძობენ შეტევას დონეცკის ოლქში და ქალაქ ბახმუტის აღებას ცდილობენ.

ამერიკის დაზვერვის აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი დაიწყება უკრაინაში რუსეთის სერიოზული დამარცხებები, ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვლადიმირ პუტინის რეჟიმის სიმტკიცეზე. ამით შეიძლება გაიზარდოს კონფლიქტის ესკალაციის პოტენციალი, ვინაიდან პუტინი შეეცდება, პოზიციები შეინარჩუნოს. აშშ-ის დაზვერვის აზრით, ამჟამად რუსეთი არ ესწრაფვის აშშ-სა და ნატოსთან პირდაპირ კონფლიქტს, მაგრამ უკრაინაში ომის გამო ასეთი საფრთხე გაიზარდა.

ჰეინსმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი, მიუხედავად მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაკიცხვისა, განაგრძობს მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებს. ამასთან, მისი აზრით, პეკინის მხრიდან მოსკოვის ღია მხარდაჭერა შეზღუდული იქნება. ჰეინსს კომენტარი არ გაუკეთებია ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობაზე. ამგვარ შესაძლებლობაზე უკანასკნელ ხანებში დასავლეთის ზოგიერთ მედიასაშუალებაში გაჩნდა ცნობები. პეკინი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას.

ამერიკის დაზვერვის აზრით, ჩინეთი კვლავაც არის აშშ-ის მთავარი მეტოქე მსოფლიო არენაზე და პეკინისა და მოსკოვის თანამშრომლობა სხვათა შორის იქითაა მიმართული, რომ ეს გამოწვევა იყოს აშშ-ისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG