უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 9 მარტს, რუსეთმა უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასირებული შეტევისას გამოიყენა 81 ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტა და 8 უპილოტო საფრენი აპარატი.
გენერალ ზალუჟნის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 34 ფრთოსანი რაკეტა და 4 უპილოტო საფრენი აპარატი, 8 მართვადმა საავიაციო რაკეტამ კი, სამიზნეებამდე ვერ მიაღწია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთი ისევ დაუბრუნდა მასირებული სარაკეტო დარტყმების „საცოდავ ტაქტიკას“ და ერთადერთი, რაც ოკუპანტებს შეუძლიათ, მშვიდობიანი მოქალაქეების დატერორებაა.
ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელა კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანსკოვსკის, ჟიტომირის და ვინიცის ოლქების კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე.
წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულია 6 მშვიდობიანი მოქალაქე.