Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის კრახს უოლ სტრიტზე განგაში მოჰყვა


აშშ-ის ფედერალური რეზერვის ემბლემა
აშშ-ის ფედერალური რეზერვის ემბლემა

10 მარტს აშშ-ის მთავრობამ დახურა ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი Silicon Valley Bank-ი მას მერე, რაც ბანკის სუსტი საფინანსო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა მეანაბრეების მიერ ფულის მასობრივი გატანა.

აქტივების მოცულობის მიხედვით აშშ-ის მე-16 ბანკის დახურვას მოჰყვა ნიუ-იორკის ბირჟაზე აქციების კურსის დაცემა. Silicon Valley Bank-ის პრობლემების შესახებ ცნობილი გახდა 8 მარტს, როცა გაირკვა, რომ ბანკმა დაკარგა სახსრების არსებითი ნაწილი იმ მიზეზით, რომ მეანაბრეების ფულს ინახავდა სახელმწიფო ობლიგაციებში, რომელთა ფასები მკვეთრად დაეცა სახელმწიფოს მიერ ინფლაციის საწინააღმდეგო ზომების გატარების შედეგად. ბანკის ხელმძღვანელობამ სცადა დამატებითი აქციების გამოშვება, მაგრამ მედიაში გაჟონილმა ინფორმაციამ პანიკა გამოიწვია მეანაბრეებს შორის და ანაბრების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ გამოაცხადა ბანკის თავის კონტროლის ქვეშ გადატანის შესახებ.

შედარებით მსხვილი რეგიონული ბანკის დახურვას განგაში მოჰყვა უოლ სტრიტზე და მიმომხილველები სვამენ შეკითხვას, ხომ არ არის ეს აშშ-ის საბანკო მრეწველობის უფრო ღრმა პრობლემების ნიშანი. ანალიტიკოსების თანახმად, Silicon Valley Bank-ს განსაკუთრებული ნიშა ეკავა საბანკო სექტორში და ემსახურებოდა ე.წ. სილიციუმის ველის ზონის კლიენტებს. შესაბამისად, მისი პრობლემები არ არის მთელი სექტორისთვის დამახასიათებელი.

სესილია როუზმა, რომელიც ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობს, თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის საბანკო სისტემა ფუნდამენტურად განსხვავებული და ძლიერია ახლა, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს იყო და, რომ მარეგულირებელი უწყება მზად არის გამოიყენოს მათ მიერ შემუშავებული „უკეთესი ინსტრუმენტები“ ინვესტიციების დასაცავად.

აშშ-ში მოქალაქეთა ანაბრები მთავრობის მიერ დაზღვეულია 250 ათას დოლარად.

Silicon Valley Bank-ის აქტივები 200 მილიარდ დოლარს უდრიდა და 2008 წლის შემდეგ ის ყველაზე მსხვილი ბანკია, რომელიც დაიხურა.

XS
SM
MD
LG