Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: „...ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს“


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი

12 მარტს ტელეარხ იმედის ეთერში საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სხვათა შორის, განაცხადა, რომ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, “ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს. ეს არის გამორიცხული. ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს“- თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ასევე ისურვა განემარტა, რომ -„ ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას და ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს საკუთარი ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საკუთარი ინტერესები,“ განაცხადა ღარიბაშვილმა და ილაპარაკა მთავრობის ამოცანაზე, „გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მთავარი ჩვენი ოცნება - ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ღირსეულად ევროკავშირში გაწევრიანება. ეს პროცესი არ არის მარტივი და ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება".

ახლა ამას დაცვა უნდა, თვლის ღარიბაშვილი და ახსნის, რომ „თუ ვინმეს არ უნდა დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. რატომ? სტატუსის მიღების შემდეგ მათ პრაქტიკულად ხელიდან ეცლებათ ყოველგვარი ბრალდება და ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ".

ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

რაც შეეხება ზოგადად, კანდიდატის სტატუსს, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ უკვე, პარლამენტმა ძალიან მაგრად იმუშავა მთავრობასთან ერთად, თქვა მან.

"მანამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - რა თქმა უნდა, ჩვენ რომ შევხედოთ მოლდოვას და უკრაინას, ხომ ვიცით, რა ხდება იქაც. ჩვენ იგივე ბოლო რაპორტი, რაც გამოაქვეყნა ევროკავშირმა, ჩვენ ბევრად წინ ვართ. ორჯერ, სამჯერ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ყველა მიმართულებით. მაგრამ, ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ ერთგვარად დაგვსაჯეს, გვითხრეს, რომ სტატუსი ახლა არა, დაელოდეთ. ამაზე ვთქვით, გასაგებია, მადლობა მეგობრებო, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. სტატუსი მათ მისცეს ავანსად. ჩვენ არავისი არ გვშურს, გვითქვამს ბევრჯერ, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არის, რომ ვინაიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუ ვინმე საბოტაჟს გაუწევს, და სურს, რომ გაუწიოს საბოტაჟი, ეს არის ისევ აი ეს დესტრუქციული, ანარქისტული ძალები“, - განაცხადა პრემიერმა.

XS
SM
MD
LG