Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლფგანგ იშინგერი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო-საკონტაქტო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის


ვოლფგანგ იშინგერი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე. 2018 წლის თებერვალი
ვოლფგანგ იშინგერი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე. 2018 წლის თებერვალი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დირექტორი ვოლფგანგ იშინგერი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მოსამზადებელი საკონტაქტო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ომის დასრულების შესახებ გერმანელი დიპლომატის წინადადებები ბერლინის გაზეთ Tagesspiegel-ში გამოქვეყნდა.

იშინგერი, რომელსაც ადრე ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და გერმანიის ელჩის პოზიციები ვაშინგტონსა და ლონდონში, სთავაზობს სასწრაფოდ შეიქმნას "პოლიტიკური და სტრატეგიული საკონტაქტო ჯგუფი", რომელიც იარსებებს რამშტაინის ფორმატის პარალელურად, რომლის ფარგლებშიც დასავლეთის ქვეყნები კოორდინაციას უწევენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. საკონტაქტო ჯგუფმა უნდა მიიღოს ოფიციალური მანდატი, მოიწვიოს მხარეები მოლაპარაკებებზე, შეიმუშაოს სტრატეგია და შესთავაზოს შეთანხმებების შესაძლო პროექტი.

იშინგერის აზრით, მსოფლიო საზოგადოების წარმატებული სამშვიდობო ქმედებების მაგალითებს წარმოადგენს გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის იოშკა ფიშერის მიერ იუგოსლავიაში ომის მოგვარების სამშვიდობო გეგმა და 1995 წელს საკონტაქტო ჯგუფის მუშაობის წყალობით მიღწეული ბოსნია-ჰერცეგოვინის სამშვიდობო ხელშეკრულება.

იშინგერის წინადადების თანახმად, მოლაპარაკებების ჯგუფის ცენტრად შეიძლება გახდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია. ასეთი პირობითი ჩარჩოს ფარგლებში შეიძლება ინტენსიური მოლაპარაკებების ჩატარება სახელმწიფო უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე.

ამ ბირთვის გარშემო უნდა ურთიერთქმედებდნენ ნატოს თავდაცვის მინისტრების ჯგუფები, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე გაერო, ევროკავშირი, ეუთო და ნატო. ცალკეული მოლაპარაკებები შეიძლება ჩატარდეს თანამდებობის პირების ან ელჩების დონეზე. ამასთან, საკონტაქტო ჯგუფმა საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფის პარალელურად რეგულარული შეხვედრები უნდა გამართოს.

იშინგერი საერთაშორისო საზოგადოებას სთავაზობს დაფიქრებას იმაზე, თუ რა შესაძლებლობები არსებობს, თუ უკრაინა ვერ შეძლებს ყირიმის დაბრუნებას სამხედრო ოპერაციების გზით. ალტერნატივად შეიძლება იქცეს სხვადასხვა ქვეყნის კონტროლი ამ რეგიონზე და ყირიმის მცხოვრებლებს შორის რეფერენდუმის გამართვა უკრაინისადმი ნახევარკუნძულის კუთვნილების თაობაზე. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ასევე ყირიმის პრობლემის გამოცალკევება შესაძლო მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან. მსგავსი კითხვები შეიძლება წარმოიშვას უკრაინის კუთვნილი დონბასის რეგიონის ნაწილებთან მიმართაც.

გერმანელი დიპლომატის თანახმად, განსახილველ საკითხებს შორის შესაძლოა იყოს უკრაინის ნატოში გაწევრიანება ან მისი შესაძლო უარყოფა, როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა 2022 წლის გაზაფხულზე. ამ შემთხვევაში აუცილებლად გახდება საჭირო იმის განხილვა, თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა პარტნიორების მხრიდან.


გარდა ამისა, იშინგერის თქმით, აუცილებელია ვიფიქროთ ომის შემდგომი სამართლებრივი სივრცის შექმნაზე. დისკუსიაში ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა უკრაინის აღდგენა, რეპარაციები, საერთაშორისო სამართლის კომპეტენცია და ომის დამნაშავეთა დევნა. ამავე დროს, უნდა დაისვას საიმედო და გრძელვადიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნების ახალი გეგმის საკითხი.

ვოლფგანგ იშინგერი 2008-2022 წლებში იყო მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე. მანამდე დიდ ბრიტანეთში გერმანიის ელჩის რანგში მონაწილეობას იღებდა სერბეთსა და მის შემადგენლობაში შემავალი კოსოვოს ეთნიკურ ალბანელებს შორის მოლაპარაკებებში, რომლის მიზანი პროვინციის სტატუსის გარკვევა იყო.

XS
SM
MD
LG