Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ მივდივართ წინ?


ავტორი: გიორგი მიქელაძე

30 წელია აშშ-ში ვცხოვრობ და დიდხანს ვერ ვხვდებოდი რაშია ძირითადი განსხვავება საქართველოსთან შედარებით: რატომ ვერაფრით ვერ გამოვდივართ ამ გაჭირვებიდან, უიმედობიდან. ხალხი მასაში ისეთივეა, როგორiც საქართველოში, მთავრობაში მომუშავე ბიუროკრატია დიდი გაქანებით არ გამოირჩევა, კონგრესმენები და სენატორებიც, რბილად რომ ვთქვათ, ცაში ვარსკვლავებს არ ეთამაშებიან. აქაც არიან, თან დიდი რაოდენობით, კობახიძეები, მდინარაძეები, წულუკიანები, ხაბეიშვილები, ვაშაძეები, ჯაფარიძეები. მოკლედ, ამერიკელები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ყველგან (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დონალდ ტრამპი აირჩიეს პრეზინდენტად), არც კანონები და კონსტიტუციები არ არის დიდად განსხვავებული. მაშინ რატომ მუშაობს და ფუნქციონირებს დასავლეთი და ჩვენთან არასოდეს არაფერმა ბოლომდე არ იმუშავა?

საბოლოოდ ჩემთვის ეს მიზეზი ცხადი გახდა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი პატარა ქალაქის მოსამართლემ ტყუილის თქმისთვის სახალხოდ შეარცხვინა და დააჯარიმა. ჩემი აზრით (და არა მგონია მარტო მე ვფიქრობდე ასე), ერთადერთი მთავარი განსხვავება სწორედ სასამართლოა - დამოუკიდებელი, ობიექტური, არაკორუმპირებული სასამართლო. სასამართლოა იმის გარანტი, რომ მე, როგორც პიროვნებას, უმიზეზოდ ვერავინ ვერ დამჩაგრავს, რომ როდესაც თანამდებობის პირი ამ თანამდებობას ბოროტად გამოიყენებს, დაისჯება, რომ სამსახურიდან ადამიანს მხოლოდ მისი პოლიტიკური მოსაზრების გამო ვერ გაათავისუფლებენ, რომ კონსტიტუცია და კანონი იმუშავებს, რომ არჩევნები არ გაყალბდება, რომ პარლამენტი ვერ მიიღებს კანონს, რომელიც მის კონსტიტუციას ეწინაამღდეგება, რომ თანამდებობის პირების ნათესაობა ხალხის ხარჯზე არ გამდიდრდება. არცერთი ახალი მთავრობა ან პოლიტიკური ძალა, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას პირველ ადგილზე არ დააყენებს, ისევ ამ შეკრულ წრეში აღმოჩნდება. ეს უნდა იყოს მთავარი და პირველი მიზანი - ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, საგარეო პოლიტიკაზე, განათლებაზე წინ. თუ სასამართლო შეიცვლება, ყველაფერს ეშველება. თუ არა და, არავითარი აზრი არა აქვს არაფერს.

სააკაშვილის და ასევე ქართული ოცნების ყველაზე დიდი ნაკლი ის იყო, რომ სასამართლოს რეფორმა არ განახორციელეს. სააკაშვილს რომ ნორმალური სასამართლო შეექმნა, ქართული ოცნება ხელისუფლებაში არ იქნებოდა და დღეს სულ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით. ყველას, ვინც ჩვენთან ძალაუფლებაში მოვიდა, ეშინოდა ამ ძალაუფლების ნაწილობრივი დათმობისა და თავისით, ერთპიროვნულად, მუდმივად უნდოდა ემართა ქვეყანა - სხვაგვარად რომ შეიძლება, იციან, მაგრამ არ შეუძლიათ.

ზურაბ ჟვანიას ის გამოთქმა, რომ „ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, ჩემი აზრით, რეალობიდან საკმაოდ შორს დგას - ევროპა პირველ რიგში კანონის უზენაესობაა. ჩვენ, სამწუხაროდ, აღმოსავლეთის, ბიზანტიის და რუსეთის მემკვიდრეები აღმოვჩნდით - როგორც არ უნდა ვამაყობდეთ ჩვენი წარსულით, არასოდეს არ გვქონია დამოუკიდებელი სასამართლო და კანონი ერთეული პიროვნებების საჭიროების მიხედვით მოქმედებდა. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ სააკაშვილის პროგრესულ რეფორმებზე, ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა არ გააკეთა იმიტომ კი არა, რომ არ იცოდა, არამედ იმიტომ რომ სხვაგვარად ვერც წარმოედგინა. იგივეა ქართული ოცნებაც. საინტერესო და მრავლისმთქმელია, რომ მიუხედავად მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებისა, სასამართლოზე ერთნაირი შეხედულება აქვთ და ჰქონდათ და სააკაშვილის მიერ შერჩეული კადრები განაგებენ დღევანდელ სასამართლოს - ეს არც ერთ სხვა დარგში არ მომხდარა, ყველგან შეცვალეს მინისტრები, ხელმძღვანელები, სასამართლოს გარდა. მარტო ეს ფაქტი გვაჩვენებს, რომ მათ შორის მსგავსება უფრო დიდია, ვიდრე განსხვავება. მეტსაც გეტყვით, დღეს რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენილიყო, მდგომარეობა დიდად განსხვავებული არ იქნებოდა, პირიქით, მათი ეფექტურობის გამო, ალბათ - უარესიც.

ყველა ხელისუფლების თვითმიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა და ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი ბარიერი დამოუკიდებელი სასამართლოა.

ისევ ვიმეორებ, თუ გვინდა უკეთესი მთავრობა და, შესაბამისად, უკეთესი ქვეყანა, უკეთესი მომავალი, უკეთესი პერსპექტივა, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ნორმალურად იცხოვრონ, ოპოზიციის მთავარი მიზანი სასამართლოს შექმნა უნდა იყოს.

საზოგადოების ნაწილი ადანაშაულებს მათ, ვინც 2012 წელს არჩევნებში ქართული ოცნებას ხმა მისცა და მიაჩნიათ, რომ მათი ბრალია, რაც დღეს ხდება. ნამდვილად არაფერი უკეთესი არ მივიღეთ, მაგრამ სააკაშვილისთვის როგორ უნდა მიეცა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ხმა? მან ხომ ცალსახად აჩვენა, რომ მისი ძალაუფლება სულ უფრო და უფრო დიქტატორული გახდებოდა და განსხვავებული აზრის ქონა მძიმედ დაისჯებოდა. იმ დროს სხვა გამოსავალი არ იყო - ხალხმა ის მოიშორა - ოცნება კი არ აირჩიეს, სააკაშვილი მოიშორეს. ან სხვა რა არჩევანი ჰქონდათ? სამწუხაროდ, ის მივიღეთ, რაც მივიღეთ, მაგრამ ისევ ამ კითხვას ვსვამ: სააკაშვილი რომ დარჩენილიყო ძალაუფლებაში მისი დიქტატურა რამეთი უკეთესი იქნებოდა? არჩევნების წინ ვიცოდით უკვე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, ისევ სააკაშვილს, ამ დროს უკვე როგორც პრემიერ მინისტრს, უნდა ემართა სახელმწიფო და ვინმეს სჯერა რომ ეს დროებითი იქნებოდა? ყველა დიქტატორს, განურჩევლად მისი წარმოშობისა, რელიგიისა, განათლებისა თუ მატერიალური შესაძლებობისა, აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება და აქვს მეორე, ასეთივე ძლიერი გრძნობა - შიში ამ ძალუფლების დაკარგვისა. თანდათანობით ისინი რეალურ სამყაროთან კავშირს კარგავენ და თავის მიერ მოგონილ სამყაროში მოქმედებენ, სამყაროში, რომელშიც მათ ყველაფერი იციან და რომელშიც მათი ყველა გადაწყვეტილება სასარგებლოა და სწორი, და მათი ძალაუფლებიდან წასვლა ხალხს გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს. ესეთი იყო და არის მესამე პრეზიდენტი, ასეთია დღევანდელი საქართველოს ერთპიროვნული არაფორმალური მმართველიც…

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG