Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირბის თანახმად, აშშ-ს მიღებული აქვს ზომები, რათა უცხო ხელში არ მოხვდეს შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი


ჯონ კირბი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი
ჯონ კირბი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მიღებულია ზომები, რათა შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. შეერთებულმა შტატებმა 14 მარტს განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე რუსეთის გამანადგურებელთან შეტაკების შედეგად ჩამოვარდა მისი სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, საერთაშორისო სივრცეში ასრულებდა დავალებას.

CNN-ი ციტირებს კირბის, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ინტერესში არ შედის, რომ დაზიანებული დრონი სხვამ ჩაიგდოს ხელში. ამერიკული მხარე ასევე გეგმავს გამოაქვეყნოს რუსული ავიაგამანადგურებლისა და ამერიკული სადაზვერვო საფრენი აპარატის შეჯახების ამსახველი კადრებიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის გამანადგურებლებს აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ იარაღი და მასთან კონტაქტში არ შესულან. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ამერიკული დრონი გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საზღვრების დარღვევით“.

MQ-9 Reaper-ი ამჟამად აშშ-ის შეიარაღებაში არსებულ მთავარ მოიერიშე დრონად ითვლება. მას უნარი შესწევს, განავითაროს 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე და 24 საათამდე დაყოს ჰაერში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოიძახეს ვაშინგტონში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი. საგარეო-პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა ნედ პრაისმა დასძინა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით შეერთებული შტატები მაღალ დონეზე პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთთან.

XS
SM
MD
LG