Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავი რუმინეთიდან აფრინდა და გეგმურ დაზვერვას ატარებდა - NYT


სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ი, რომელიც საერთაშორისო სივრცეში ასრულებდა დავალებას
სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ი, რომელიც საერთაშორისო სივრცეში ასრულებდა დავალებას

ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი MQ-9 Reaper, რომელიც რუსულ გამანადგურებელთან შეჯახების შემდეგ შავ ზღვაში ჩავარდა, რუმინეთში მდებარე ბაზიდან აფრინდა და გეგმურ დაზვერვას ასრულებდა. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი აშშ-ის ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

გაზეთის წყაროს თანახმად, თვითმფრინავს შეუძლია Hellfire-ის კლასის რაკეტების ტარება, მაგრამ ამ რეიდის დროს მფრინავი აპარატი არ ყოფილა რაკეტებით აღჭურვილი.

14 მარტს ამერიკული დრონი ასრულებდა რუტინულ მისიას დაახლოებით 120 კილომეტრში ანექსირებული ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ სივრცეში, რა დროსაც ის ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაიტაცა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ სურს, რომ დრონის ნამსხვრევები, ამერიკელების გარდა, სხვებს ჩაუვარდეთ ხელში. კირბის თქმით, შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები თავისი ქონების დასაცავად. მაგრამ მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დრონი საფრთხეს არ წარმოადგენდა. კირბიმ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ აპარატი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. „პრეზიდენტი ბაიდენი ინფორმირებულია მომხდარის შესახებ“, - დასძინა კირბიმ. კირბიმ ასევე თქვა, რომ რუსეთის მხრიდან თვითმფრინავებისა და დრონების გადატაცება არაა იშვიათობა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკული აპარატი შავ ზღვაში ჩავარდა. „ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ფრენებს ამ საჰაერო სივრცეში, უკვე ერთი წელია, და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“, - თქვა ჯონ კირბიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსეთის გამანადგურებლებს აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ იარაღი და მასთან კონტაქტში არ შესულან. რუსეთის თავდაცვით უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ამერიკული დრონი გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საზღვრების დარღვევით."

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოიძახეს ვაშინგტონში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი. საგარეო-პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა ნედ პრაისმა დასძინა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით შეერთებული შტატები მაღალ დონეზე პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთთან.

MQ-9 Reaper-ი ამჟამად აშშ-ის შეიარაღებაში არსებულ მთავარ მოიერიშე დრონად ითვლება. მას უნარი შესწევს, განავითაროს 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე და 24 საათამდე დაყოს ჰაერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG