Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს უდიდეს პორნოსაიტზე გაჩნდა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ რეკლამა


მსოფლიოს უდიდეს პორნოსაიტ Pornhub-ზე გაჩნდა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ რეკლამა. ამის შესახებ ოთხშაბათს ტელეგრამის რამდენიმე არხი იტყობინებოდა მომხმარებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორც აღნიშნავენ, შესაბამისი ვიდეორგოლის ნახვა შეიძლება უშუალოდ პორნოგრაფიული მასალის ყურების დაწყებამდე, მაგრამ მხოლოდ რუსეთიდან და რეკლამების ბლოკირების პროგრამების გარეშე. თავად ვიდეორგოლში, რომელიც უცენზურო ლექსიკას შეიცავს, ლაპარაკია იმაზე, რომ „ვაგნერი“ მეომრებს აგროვებს რუსეთის ყველა რეგიონში. ის სრულდება მოწოდებით, პორნოგრაფიის ყურებით სიამოვნების მიღების ნაცვლად, „ვაგნერში“ დაიწყონ მუშაობა.

როგორც იტყობინებიან, ტელეფონის ნომერი, რომელიც მითითებულია რეკლამაში, მართლაც ეკუთვნის კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენლებს.

„ვაგნერის“ შემქმნელმა ევგენი პრიგოჟინმა შეკითხვაზე, მართლა განათავსეს თუ არა რეკლამა Pornhub-ზე, თქვა: „არ ვიცი, რომელზე, მაგრამ პორნოსაიტებზე რეკლამის განთავსება ჩვენი მარკეტოლოგების ძალიან კარგი იდეაა. მე მათ მთლიანად ვეთანხმები. ამ რეკლამაში ნათქვამია: ‘მოდი „ვაგნერში“ საბრძოლველად, გეყოფა მასტურბაცია. ვინ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას?"

„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ამჟამად აქტიურად მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში ბახმუტში, დონეცკის ოლქში. ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის ერთი წლის განმავლობაში აქტიურად გამოდის მედიაში. ის იცავს მოსაზრებას, რომ მისი ორგანიზაცია რუსეთის სამხედრო ძალების ყველაზე ეფექტიანი ნაწილია. ამავე დროს ის აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო მოხელეებს. პრიგოჟინს არც უარუყვია და არც დაუდასტურებია „ვაგნერის“ ყოფილი მებრძოლის, ევგენი ნუჟინის უროთი მკვლელობის ფაქტი. მან დაადასტურა „ვაგნერში“ საბრძოლველად რუსეთის კოლონიებიდან მრავალი პატიმრის მიწვევა.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამშაბათს მესამე, საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტები, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს უკრაინაში მიმდინარე ომში მებრძოლი დაქირავებულებისა და მოხალისეების დისკრედიტაციისა და მათ შესახებ არასანდო ინფორმაციის გავრცელებისთვის.

XS
SM
MD
LG