Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისთვის მიგ-29 ების გადაცემა „სერიოზული დახმარებაა“, მაგრამ სიტუაციას ფრონტზე ვერ შეცვლის - იური იგნატი


"იმისათვის, რომ ჰაერში უპირატესობა მოვიპოვოთ, მრავალფუნქციური თანამედროვე თვითმფრინავები გვჭირდება", – ამბობს იური იგნატი.
"იმისათვის, რომ ჰაერში უპირატესობა მოვიპოვოთ, მრავალფუნქციური თანამედროვე თვითმფრინავები გვჭირდება", – ამბობს იური იგნატი.

უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდება "სერიოზული დახმარება" იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან ფრონტზე სერიოზული ცვლილებები მოახდინოს, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იური იგნატმა.

"დიახ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული დახმარებაა. ეს არის ჩვენი ტაქტიკური ავიაციის შესაძლებლობების ზრდა. მაგრამ იმისათვის, რომ ჰაერში უპირატესობა მოვიპოვოთ, რომ სახმელეთო სამიზნეებზე იერიშები განვახორციელოთ, ამისთვის მრავალფუნქციური თანამედროვე თვითმფრინავები გვესაჭიროება", - განაცხადა იგნატმა ნაციონალური ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, საბჭოთა წარმოების მიგ-29 გამანადგურებლებს, რომლებსაც უკრაინა, სავარაუდოდ, პოლონეთისგან და სლოვაკეთისგან მიიღებს, „გარკვეული მოდერნიზაცია“ დასჭირდება.

თავდაპირველად პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მოგვიანებით კი სლოვაკეთის მთავრობამაც განაცხადეს, რომ მზად არიან გადასცენ უკრაინას საბჭოთა წარმოების მიგ-29 ტიპის გამანადგურებლები.

ვარშავამ და ბრატისლავამ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ ნატოს სხვა წევრ ქვეყნებსაც მოუწოდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების პრესმდივანი, იური იგნატი, 5 მარტს კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით, უკრაინას მიეწოდოს თანამედროვე დასავლური საბრძოლო თვითმფრინავები, უწინარესად აშშ-ის წარმოების F-16, რუსეთის მხრიდან შორი რადიუსის რაკეტებით და ბომბებით გაძლიერებული თავდასხმების ფონზე.

  • F-16 - იგივე მებრძოლი შევარდენი (Fighting Falcon) - მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავია, რომელიც ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შეიქმნა აშშ-ში, ბელგიის, დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის თანამონაწილეობით.
  • მაღალმანევრირებადი გამანადგურებელი ხმის სიჩქარეზე ორჯერ უფრო სწრაფია. ის ფრთების ქვეშ ექვს რაკეტას იტევს.
  • F-16 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამხედრო თვითმფრინავი გახდა. აშშ-ს საჰაერო ძალები მას ერაყსა და ავღანეთში იყენებდნენ.
XS
SM
MD
LG