Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია პანკისში - წარმოშობით დუისელ ქალს საქართველოში არ უშვებენ


აქცია სოფელ დუისში
აქცია სოფელ დუისში

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დახმარების თხოვნით მიმართა. აქციაზე თქვეს, რომ უკვე მესამე დღეა, ქუთაისის აეროპორტში ქართველი მესაზღვრეები წარმოშობით პანკისელ ქალს, 23 წლის ლეილა ქავთაროვას და მის მცირეწლოვან შვილს საქართველოში შემოსვლის საშუალება არ აძლევენ. ლეილას ამჟამად რუსეთის და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ქუთაისში საფრანგეთიდან ჩაფრინდა.

აქციის მონაწილე შენგელი ტოხოსაშვილის ინფორმაციით, მესაზღვრეები ქავთაროვას უკან, საფრანგეთში გაბრუნებას გეგმავენ.

„კიდევ სამი დღე უნდა ჰყავდეთ გაჩერებული და შემდეგ უკან გააბრუნებენ მომდევნო რეისით. კონკრეტული მიზეზები არ არსებობს, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოებიდან მომდინარეობს“, - თქვა ტოხოსაშვილმა.

რადიო თავისუფლება ქუთაისის აეროპორტში მყოფ ლეილა ქავთაროვას დაუკავშირდა.

„მე და ჩემი შვილი სამი დღეა, აეროპორტის ერთ ოთახში ვართ. ვკითხე, რატომ გამაჩერეს, თუმცა არაფერს მეუბნებიან. მხოლოდ ის თქვეს, რომ უკან ფრენა 18 მარტს არის და უნდა გავფრინდე. ფრანგული პასპორტი მაქვს, ჩემი ქმარი საქართველოში ცხოვრობს და მინდოდა რამდენიმე თვე აქ გამეტარებინა. პასპორტები ჩამომართვეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სექტემბერშიც იგივე შემემთხვა. მაშინ სამი დღე ვიყავი აეროპორტში. უფრო ადრე მსგავსი პრობლემები არ ყოფილა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლეილა ქავთაროვამ.

აქცია სოფელ დუისში
აქცია სოფელ დუისში

დუისში გამართული აქციის მონაწილე ხასო ხანგოშვილის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა საზღვარზე პანკისელებს უმიზეზოდ აყოვნებენ ან უკან აბრუნებენ.

„ძალიან გულნატკენი ვართ იმის გამო, რომ თითქმის ყველა პანკისელს გამშვებ პუნქტებზე უმიზეზოდ აყოვნებენ. ახლაც ასეთი შემთხვევაა. ჩვენ ადრეც მივმართეთ ხელისუფლებას და ახლაც ვეუბნებით, რომ მოაგვარონ ეს პრობლემა. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა ჩვენ მიმართ“, - თქვა ხასო ხანგოშვილმა.

რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ოფიციალური ინფორმაცია, მიღების შემთხვევაში, მასალაში აისახება.

XS
SM
MD
LG