Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რაგბის კავშირი": სახელგანთქმულ დავით კაჭარავას რუსეთისადმი კეთილგანწყობას აბრალებენ


დავით კაჭარავა
დავით კაჭარავა

"საქართველოს რაგბის კავშირი" აცხადებს, რომ კავშირის თავმჯდომარესა და ამავდროულად, პარლამენტის წევრს, დავით კაჭარავას, რომელიც ე.წ. აგენტების კანონპროექტის თანაავტორი იყო, რუსეთისადმი კეთილგანწყობას აბრალებენ. ე.წ. "რუსულ კანონზე", როგორც ამ კანონპროექტს საერთაშორისო პარტნიორები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოიხსენიებენ, "რაგბის კავშირის" სახელით განცხადება დღეს, 17 მარტს გავრცელდა.

"გუშინვე მოჰყვა კიდევ ერთი დემარში. კერძოდ, peticia.ge-ზე [იუგულისხმება manifest.ge] რაგბის კავშირის თავმჯდომარის, სახელგანთქმული ვეტერანი მორაგბის დავით კაჭარავას შეურახმყოფელი განცხადების გავრცელება, რუსეთისადმი პოლიტიკური კეთილგანწყობის დაბრალებით და რაგბისგან მისი ჩამოშორების მოთხოვნით..." - წერია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ "პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული" მცდელობაა. განცხადების მიხედვით, ეს პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც მსოფლიო ასპარეზზე ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია.

"მთელ მსოფლიოს დაანახა ქართულ რაგბიში მიმდინარე სწრაფი აღმასვლა როგორც კავშირის ადმინისტრაციის, მთავრობისა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მხარდაჭერის შედეგი; – სწორედ ეს გახდა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების გაღიზიანებისა და აგრესიის მიზეზი, – სწორედ ამის შედეგად იქცა ქართული რაგბი მათი შეტევების სამიზნედ", - წერია განცხადებაში.

დავით კაჭარავა საპარლამენტო უმრავლესობიდან იმ ცხრა დეპუტატს შორისაა, რომელმაც დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებდა, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო.

დოკუმენტი მოიწონა მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამაც" და ხალხმრავალი პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა ორი დღის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით საკითხის განხილვა ადრე დაიწყო.

კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. ორი დღის შემდეგ, როცა პროტესტი არ წყდებოდა, მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტი უკან გაითხოვა. დოკუმენტის მიღება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს - ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ამ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG