Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ოპოზიციონერი პუტინის დაკავების ორდერზე: „სიმბოლური, მაგრამ ასე მნიშვნელოვანი ნაბიჯი!“


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 15 მარტი. 2023 წელი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 15 მარტი. 2023 წელი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გამოაცხადა. რუსეთი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა სასამართლოს განცხადებას.

„რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე არ არის და არ ეკისრება ვალდებულებები. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და საერთაშორისო სასამართლოსგან მომდინარე დაკავების შესაძლო „რეცეპტები“, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება“, - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომლის განცხადება ეფუძნება იმას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, ეჭვმიტანილი პირები დააკავოს და თავისი იურისდიქციის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმ ქვეყნების ტერიტორიებზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს სასამართლოსთან ხელშეკრულებას. რუსეთს ხელი არ მოუწერია ასეთ დოკუმენტზე და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ექსტრადიციას გაუკეთებენ. მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება რუსეთის ლიდერს მოგზაურობა შეუზღუდოს.

რუსეთის ოპოზიცია მიესალმა გადაწყვეტილებას. საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ახლო თანამებრძოლი, ივან ჟდანოვი ტვიტერით წერს, რომ ეს არის „სიმბოლური ნაბიჯი, მაგრამ ასე მნიშვნელოვანი!“

„ვულოცავ ვლადიმიირ ვლადიმირის ძეს დაუსწრებლად დაპატიმრებას. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“, - დაწერა ტვიტერზე რუსეთის ოპოზიციონერმა კრემლის ოპონენტმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომელმაც ათი წელი გატარა რუსეთში საპატიმროში. „დაამწყვდიეთ!“ - დაწერა ტვიტერით რუსმა აქტივისტმა ვლადიმირ მილოვმა, საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ასევე თანამებრძოლმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიესალმა პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის გამოცხადებას და ტვიტერით დაწერა: „მართლმსაჯულების აღსრულება იწყება: მივესალმები ICC-ის გადაწყვეტილებას“.

უკრაინის გენპროკურორმა, ანდრეი კოსტინმა თქვა, რომ „გადაწყვეტილება ისტორიულია უკრაინისთვის და საერთაშორისო სამართლისთვის“, ხოლო ამ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი, გადაწყვეტილებას „მხოლოდ დასაწყისად“ აფასებს.

ლონდონის სამეფო კოლეჯში საერთაშორისო პოლიტიკის ლექტორი, ჯონათან ლიდერ მეინარდი პუტინისთვის ბრალდების წაყენებას მოელოდა. მან ბი-ბი-სის უთხრა, რომ 2022 წლის მარტიდან იძიებს სასამართლო შესაძლო ომის დანაშაულებს და სამხილების გამო - „ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, საბოლოო ჯამში, როგორ შეეძლო სასამართლოს არ გაეცა დაპატიმრების ორდერები“. მეინარდმა ასევე იცის, რომ პუტინი ბრალდების გამო ძალიან არ შეწუხდება, რადგან სასამართლო „ხალხის დაკავებაში სახელმწიფოთა თანამშრომლობას მოელის და რუსეთის მთავრობა, აშკარაა, რომ არ აპირებს მასთან თანამშრომლობას“. მაგრამ, მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება იმოქმედოს პუტინის მოგზაურობაზე მსოფლიოში, რადგან სხვა ქვეყნებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს სასამართლოსთან შეთანხმებას, შეუძლიათ მის დაკავებას ხელი შეუწყონ.

XS
SM
MD
LG