Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროსადგური „გოცირიძე“ ხვალ, 18 მარტს, გაიხსნება - თბილისის მერია


მეტროსადგური „გოცირიძე".
მეტროსადგური „გოცირიძე".

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლების შესახებ იუწყება თბილისის მერია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მეტროსადგური 18 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურის დათვალიერების შემდეგ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ „გოცირიძე" დიდი ხნის განმავლობაში დახურული იყო.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა. პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროს სადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო. ხვალიდან, აღნიშნული მეტროსადგური მოემსახურება მგზავრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, სადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც. პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა.

2021-2022 წლებში მერიის მიერ დაანონსებული სადგურის გახსნა ბევრჯერ გადაიდო.
2021-2022 წლებში მერიის მიერ დაანონსებული სადგურის გახსნა ბევრჯერ გადაიდო.

მეტროსადგური „გოცირიძე" 2020 წლის ზაფხულში დაიხურა. მისი გახსნა 2021 წლის იანვარში იგეგმებოდა, თუმცა არაერთხელ გადაიდო.

XS
SM
MD
LG