Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ 21 მარტს დააპატიმრებენ და მომხრეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშაბათს, 21 მარტს დაპატიმრებას ელოდება და მის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა.

ტრამპმა, რომელმაც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა და უკვე დაიწყო კამპანია, შაბათს დილით თავის Truth Social ანგარიშზე დაწერა: "წამყვან რესპუბლიკელ კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მომავალ კვირას სამშაბათს დააპატიმრებენ."


ტრამპის თქმით, ეს დასტურდება მანჰეტენის საოლქო პროკურატურიდან გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც თითქოს "სხვა პროკურორების ძველ და სრულიად გაუქმებულ ბრალდებებს“ უნდა უკავშირდებოდეს.

ამერიკული მედიისა და სააგენტოების თანახმად, საუბარი უნდა იყოს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსის საქმეზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა ტრამპთან ინტიმური ურთიერთობების შესახებ დუმილის სანაცვლოდ2016 წელს 130 ათასი დოლარი გადაუხადა. პროკურატურის ინფორმაციით, ხარჯები მაშინ ტრამპის საარჩევნო ფონდიდან ანაზღაურდა, რაც კანონსაწინააღმდეგოა. ამასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. კოენს ამ საქმეზე სამი წლით პატიმრობა მიესაჯა. ახლა ის ტრამპის წინააღმდეგ გამოდის და ამტკიცებს, რომ სწორედ მან, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა, ბრძანა ფულის გადახდა.

მანჰეტენის პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესაძლებლობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ტრამპის სპიკერმა შაბათს განაცხადა, რომ მას პროკურატურისგან ოფიციალური დოკუმენტები არ მიუღია. თუმცა, გასულ კვირას, ბევრმა ამერიკულმა მედიამ დაწერა, რომ ტრამპს ოფიციალური ბრალდება შეიძლება მართლაც წაუყენონ. ამ შემთხვევაში მას სასამართლოში წაიყვანენ, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG