Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს არ აქვს საკმარისი ნედლეული, რომ უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდოს-FT


უკრაინელი მებრძოლები ბახმუტში
უკრაინელი მებრძოლები ბახმუტში

ევროკავშირს არ აქვს საკმარისი ნედლეული ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის, რათა უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდოს. ამის შესახებ Financial Times-ი ოფიციალურ პირებსა და ბაზრის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირში დენთის, პლასტილიტისა და TNT-ის დეფიციტია, რაც, თუნდაც საკმარისი დაფინანსების პირობებშიც, არ იძლევა საშუალებას სწრაფად გაზარდოს საარტილერიო ჭურვების წარმოება.

რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე აჩვენა, თუ რამდენად სუსტია წარმოების შესაძლებლობები ევროპაში, რაზეც ათწლეულების განმავლობაში არასაკმარისმა ინვესტირებამაც იმოქმედა.

ევროპის თავდაცვის ინდუსტრია ვერ ახერხებს ომის პირობებში საჭირო ფართომასშტაბიანი სამხედრო წარმოების ჩამოყალიბებას, რაც ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს, - უთქვამს გერმანელ ოფიციალურ პირს გამოცემისთვის.

ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლის თანახმად, მოკლე დროში და ნედლეულის დეფიციტის გამო, ახლა ძალიან რთულია საარტილერიო ჭურვების წარმოების გაზრდა. Financial Times-ის წყაროს თანახმად, დენთის წარმოების გაზრდას დაახლოებით სამი წელი დასჭირდება.

იარაღის მწარმოებლები ესპანეთიდან აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში საკმარისი რაოდენობის თავდაცვის ქარხანა არ არის და თანაც ისინი 100% - ით არის დატვირთული. გამოცემის თანამოსაუბრეები ამტკიცებენ, რომ ბრიუსელმა უნდა მოძებნოს ახალი საწარმოო ობიექტები სხვა ქვეყნებში, მაგალითად ინდოეთსა და სამხრეთ კორეაში.


დეფიციტის გამო გაიზარდა ჭურვების ფასიც. საშუალოდ, თითოეული მათგანის წარმოება ახლა 850 ევრო ღირს. ეს 20% - ით მეტია, ვიდრე იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე.

  • 2023 წლის 24 თებერვალს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. რუსეთს ოკუპირებული აქვს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილი, რომელიც 2022 წლის 30 სექტემბერს საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადა.
  • 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია ყირიმის ნახევარკუნძულიც.
XS
SM
MD
LG