Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი სი ძინპინის ვიზიტზე: "დიდ მოლოდინს ვუკავშირებთ კარგი მეგობრის ვიზიტს"


ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში შეხვედრისას 2019 წლის 5 ივნისს
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში შეხვედრისას 2019 წლის 5 ივნისს

დღეს, 20 მარტს, მოსკოვში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურს, მმართველი "კომუნისტური პარტიის" ლიდერს, სი ძინპინს ელოდებიან. ეს მისი პირველი ვიზიტია მოსკოვში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ვიზიტის წინა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის უდიდეს გაზეთში, „ჟენმინ ჟიბაოში“, სტატია გამოაქვეყნა, რომლის რუსულენოვანი თარგმანი კრემლის საიტზეც გამოქვეყნდა. სტატიაში პუტინი წერს, რომ მოსალოდნელ მოლაპარაკებებზე „დიდ მოლოდინს“ ამყარებს და რომ ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, „ძველ, კეთილ მეგობარს შეხვდეს“. პუტინი ამბობს, რომ ის „ნამდვილი მეგობარია, როგორც ღვიძლი ძმა“.

სტატიის თანახმად, პუტინი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს "კონსტრუქციული როლი" „უკრაინის კრიზისის“ გადაწყვეტაში.

„რუსეთი უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირებისთვის ღიაა. მაგრამ ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩვენ მიერ სულაც არ შეწყვეტილა. სამშვიდობო პროცესის მომავალი დამოკიდებულია მხოლოდ სერიოზული საუბრის მზადყოფნაზე, არსებული გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით.“, - ნათქვამია პუტინის სტატიაში.

თავის მხრივ, სააგენტო "რია ნოვოსტიმ" და Российская газета-მ სი ძინპინის სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ის წერს, რომ ჩინეთი და რუსეთი „საერთო საკაცობრიო ღირებულებებს ავითარებენ და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების შექმნის იდეით გამოდიან“. სი ძინპინი უკრაინის ომს „უკრაინის კრიზისად“ მოიხსენიებს და წერს მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით ძალისხმევის გაწევის აუცილებლობაზე.

რუსეთში ჩინეთის ლიდერის ვიზიტის შესახებ 17 მარტს გახდა ცნობილი. სი ძინპინი მოსკოვში 22 მარტამდე დარჩება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, განიხილება მხარეებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები. უშაკოვის თქმითვე, "რა თქმა უნდა, განიხილება კონფლიქტი უკრაინაში“.

კიევს პირდაპირ არ უთქვამს უარი ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივაზე, თუმცა აღინიშნა, რომ ემხრობიან თავიანთ წინადადებას, რომელიც უკრაინიდან რუსეთის სამხედრო ძალის სრულად გაყვანას ითვალისწინებს.

ჩინეთს არ დაუგმია რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის, ხმა არ მიუცია გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებისთვისაც. ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთის სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთის პოზიციაზე. ამასთან ჩინეთმა აშშ და დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში კონფლიქტის პროვოცირებაში. ამავდროულად პეკინმა ოფიციალურად არ აღიარა ყირიმისა და უკრაინის რეგიონების ანექსია და მედიის ცნობით, კრემლს აგრძნობინა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა.

სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.

XS
SM
MD
LG