Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილს მიუღებლად მიაჩნია ახალგაზრდების მიმართ შალვა პაპუაშვილის განცხადება


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა 7-9 მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თანამდებობა არავის ანიჭებს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას.

„სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.

შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.

ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე", - წერს ზურაბიშვილი.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ „ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ის ჯგუფი ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს. ვერცერთი არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ვნახე, ვინც ამ ძალადობას გაემიჯნა. ამის ნაცვლად, რომანტიზება ხდება დაუმორჩილებლობის, აგრესიის, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის. ეს მომავლისთვისაც ძალიან საშიშია.

ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები. მათი ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება ხდება აუდიტორიაში. ვნახეთ ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობა იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც არც თსუ-ის სტუდენტია და სადაც სტუდენტი იყო, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი. პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 7 მარტს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

7-9 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმები იყენებდნენ დიდი რაოდენობით წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზსა და პილპილის აეროზოლს. მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგაც, რომლებიც მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.

უპრეცედენტო პროტესტმა და საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. მმართველმა პარტიამ 9 მარტს გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი უკან გაეწვია. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და ჩააგდო.

XS
SM
MD
LG