Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე ჟურნალისტებს: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ...

დიმიტრი სამხარაძე და მამუკა მდინარაძე
დიმიტრი სამხარაძე და მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, აკრიტიკებს "მთავარი არხისა" და "ფორმულის" ჟურნალისტებს თავისი კოლეგის, დიმიტრი სამხარაძის შესახებ კითხვის ფორმულირების გამო. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მმართველი პარტიის მხრიდან ფაშიზმზე საუბრის ფონზე, მოჰყვება თუ არა რეაგირება დეპუტატის საჯარო გინებას.

"ნება მომეცით, თქვენი კითხვაც შევაფასო, რადგან მე ჩემი აზრი გამიჩნდა ამასთან დაკავშირებით. თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი "ქართული ოცნების" დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე, შვილებზე, მაგრამ, როგორც კი ვინმე გაბედავს საპასუხო რეაქციას, ის დააბულინგოთ, მათ შორის დეპუტატი... შეიძლება გააკრიტიკოთ, მაგრამ, როდესაც თქვენ არ იმჩნევთ ენმ-ის ფაშიზმსა და ბოლშევიზმს და მხოლოდ საპასუხო რეაქციას იმჩნევთ, ეს ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა... ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ... თქვენ არ გეუხერხულებათ, რომ "ნაცმოძრაობას" ემსახურებით?!" - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მოქალაქე ნუგზარ (სულა) სულაშვილმა რამდენიმე საათის წინ ფეისბუკში გამოაქვეყნა ე.წ. სკრინი და თქვა, რომ დეპუტატი სამხარაძე მას ემუქრებოდა. გამოქვეყნებულ ტექსტში იყო შეურაცხყოფაც.

"მუქარა და შანტაჟია. პიროვნულად ამას არასოდეს შევხებივარ. საჯაროდ ვაცხადებ, ფიზიკური ანგარიშსწორების არასოდეს მეშინია. მაგრამ "ქოცების" ბინძური კამპანიით, თუ ფიქრობს თავს მომაკვლევინებს, მაგის იმედი ტყუილად გაქვთ. მაგარი ნერვების პატრონი ვარ", - წერდა სულაშვილი.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ მისი სახელით მოქალაქის მიმართ გავრცელებული მუქარის ამსახველი ე.წ. სკრინი "ფეიკია".

"ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის ყოველდღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ უფრო ხარისხიანი "ფეიკი" შეგექმნათ ან როდის იყო "მესინჯერში" ვინმესთვის რამე მიმიწერია, გამორთული მაქვს, იდიოტებო", - წერს სამხარაძე.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დეპუტატი სამხარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში გინებისთვის მოექცა. მაგალითად, 2022 წლის 3 ივლისს მან პარტიის ოფისიდან აგინა "შინ ევროპისკენ" აქციის მონაწილეებს.

XS
SM
MD
LG