Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TV პირველის" ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული სააპელაციომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა


ნატო გოგელია, "TV პირველის" ჟურნალისტი
ნატო გოგელია, "TV პირველის" ჟურნალისტი

"TV პირველის" ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული მამუკა ანდღულაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 3000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სასამართლოში დაუდასტურეს.

ნატო გოგელიაზე ძალადობის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი 17 მარტს დააკავა.

"რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი", - წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წაუყენეს. ესენია 154-ე მუხლის მეორე ნაწილი (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალადობა) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნივთის დაზიანება).

"TV პირველის" ჟურნალისტმა მამუკა ანდღულაძეს სახლში 15 მარტს მიაკითხა და ჰკითხა, რატომ ჩამოხია ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის წინ. ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა.

„TV პირველის“ ინფორმაციით, კაცი, რომელიც ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა, მობილური ტელეფონი დაუმტვრია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 14 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG