Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრ „მემორიალის“ ხელმძღვანელის, ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


ადამიანის უფლებების დამცველი ცენტრის, "მემორიალის" ხელმძღვანელი ოლეგ ორლოვი
ადამიანის უფლებების დამცველი ცენტრის, "მემორიალის" ხელმძღვანელი ოლეგ ორლოვი

რუსეთის ხელისუფლების მიერ ლიკვიდირებული უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“ ხელმძღვანელის, ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის არმიის განმეორებით დისკრედიტაციის ბრალდებით. ამის შესახებ საზოგადოება „მემორიალი“ იტყობინება ტელეგრამის არხში.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული მოწოდებებისთვის, მაგრამ „მემორიალმა“ მოგვიანებით ცნობა გაასწორა. რას უკავშირდება ბრალდება, ნათელი არ არის.

სამშაბათს „მემორიალის“ ათზე მეტი თანამშრომლის ბინებში ჩატარდა ჩხრეკა სისხლის სამართლის სხვა საქმესთან დაკავშირებით. საქმე ეხება ნაციზმის რეაბილიტაციის ბრალდებას. ჩხრეკის შემდეგ ისინი დაკითხვაზე წაიყვანეს. როგორც იტყობინებიან, მათ შორის არის ასევე ლიკვიდირებული საზოგადოება „მემორიალის“ ხელმძღვანელი იან რაჩინსკი.

ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს გავრცელდა. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ჩხრეკა ტარდება ნაციზმის რეაბილიტაციის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 3 მარტს აღიძრა. ამის შესახებ იტყობინება „მემორიალის“ ადვოკატი.

საქმე აღიძრა „რუსეთის ვეტერანების“ განცხადების საფუძველზე. თითქოს მათ „მემორიალის“ მიერ შედგენილი სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სიაში აღმოაჩინეს 20-მდე პირი, რომლებიც ჰიტლერულ გერმანიასთან თანამშრომლობისთვის იყვნენ გასამართლებული.

რუსეთის ხელისუფლებამ 2021 წლის დეკემბერში გასცა „მემორიალის“ ლიკვიდაციის განკარგულება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ სადავო კანონის ფარგლებში. ამ კანონს რუსეთის ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისთვის იყენებს.

„მემორიალს“ შარშან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ბელორუს დისიდენტ ალეს ბიალიატსკისთან და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრთან ერთად.

XS
SM
MD
LG