Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვივამედმა" შესაძლოა, მოითხოვოს კლინიკაში სააკაშვილის დაყოვნების მიზანშეწონილობის შეფასება


მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" ვიდეოზარით ჩართვისას
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" ვიდეოზარით ჩართვისას

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას აქვეყნებს კლინიკა „ვივამედი".

კლინიკა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო თვის განმავლობაში სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე.

„შედეგად სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში", - აცხადებს სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ ადმინისტრაცია.

კლინიკა ასევე აღნიშნავს, რომ პაციენტს კლინიკაში ყოფნის განმავლობაში ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენს მიმართ არნახული ზეწოლისა, ვცდილობდით დაგვერწმუნებინა პაციენტი, რომ ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი, რაც ოქტომბრის თვემდე მეტ-ნაკლებად ხერხდებოდა და სახეზე იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება. გასული ოქტომბრის შემდეგ, პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ, ესა თუ ის პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება, მის სუბიექტურ ან ობიექტურ მონაცემებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

„ვივამედის" განცხადებას გამოეხმაურა სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. „ცოტა გაუგებარი განცხადება იყო. „გადაიყვანეთ სხვა დაწესებულებაში, მივმართავთ პენიტენციურსო“ - რა იგულისხმება ამაში? ციხეში დაბრუნებას აპირებენ? წარმოუდგენელია ამ ადამიანის ციხეში დაბრუნება. ჩათვალეთ, ეს არის სასიკვდილო განაჩენი. ამჟამადაც რა მდგომარეობაში არის, ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ ეს კაცი გარდაიცვალა", - უთხრა „TV პირველს" შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

  • 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
  • ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებაშია საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ბრალდებებით.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
  • 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
  • სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG