Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთთან ფრენების აღდგენას კონსულტაციები არ სჭირდება - ირაკლი კობახიძე


ირაკლი კობახიძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას კონსულტაციები არ სჭირდება. მის თქმით, რუსეთის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაც რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. თავის დროზე სანქცია რუსეთმა დაუწესა საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. თუ ამ სანქციას ისინი მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეებს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გაუადვილდებათ მიმოსვლა საქართველოში. ეს იყო თავის დროზეც ცალმხრივი გადაწყვეტილება და ახლაც იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამას კონსულტაციები არ სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. იგი მედიის კითხვის პასუხად გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელ ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან.

რუსეთის მხრიდან ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა მისასალმებელი იქნება კახა კალაძისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის.

"თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - თქვა შესაბამისი კითხვის პასუხად კალაძემ მედიასთან კომენტარში.

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა 22 მარტს განაცხადა ეკონომიკურ ფორუმზე, რომლის სახელწოდებაც იყო „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლების წინააღმდეგია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობა ექნება რუსეთთან, თუმცა აღნიშნა, რომ პოზიცია ევროკავშირთან თანხვედრაში უნდა იყოს.

პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.

პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები. საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება და საპროტესტო აქცია გამოიწვია პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG