Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის - იოსელიანი


ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დაბრუნება "შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის". ამით ომბუდსმენი გამოეხმაურა "ვივამედის" 22 მარტის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის მათ კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

"მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რაც [წინა] სახალხო დამცველს ჰქონდა მიხეილ სააკაშვილზე. პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი. მე არ მისაუბრია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის რამდენიმე წევრი ამ აზრზეა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს და ის უნდა დარჩეს სამოქალაქო საავადმყოფოში. მათ [კონსილიუმის წევრებს] ჩემგან სრული მხარდაჭერა აქვთ, გააგრძელონ მუშაობა. როდის, რა ფორმით და რამდენი მოინახულებენ, ეს არის მათი გადასაწყვეტი", - ამბობს იოსელიანი.

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, "კლინიკის" გუშინდელი განცხადების შემდეგ ჰგონია, რომ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას აპირებს:

"არ ვიცი, რის საფუძველზე, ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა ამის საშუალებას არ იძლევა".

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ფიქრობს, რომ თუკი ექსპრეზიდენტს ციხეში დააბრუნებენ, ეს "სასიკვდილო განაჩენი" იქნება.

"არცერთი იმ დაავადებებისგან, რომელიც მას აქვს, ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით, განკურნებული არაა. მათ შორის კახექსია, რასაც კლინიკა "ვივამედიც" ეთანხმება.

ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური სვლა იყო, რომ ის მოვლენები, რაც მიმდინარეობს საქართველოში, გადაიფაროს ამ თემით. დარწმუნებული ვარ, ეს არ იყო კლინიკის პოზიცია, მე ვიცი ექიმების განწყობა, ვიღაცას ეს ჩაფიქრებული აქვს, რომ გადაიყვანონ ციხეში - ან გლდანის სამკურნალო, ან მე-12 დაწესებულებაში", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე

კლინიკა "ვივამედმა" გუშინ, 22 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო თვის განმავლობაში სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე.

„შედეგად სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში", - აცხადებს სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ ადმინისტრაცია.

კლინიკა ასევე აღნიშნავს, რომ პაციენტს კლინიკაში ყოფნის განმავლობაში ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება.

XS
SM
MD
LG